„გაგრამ“ გასვლაზე „დინამოს“ სძლია, ბასილაძის პირველი ჰეთ-თრიქი

0
9

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის პირველ მატჩში ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამომ“ გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა,
შეხვედრის საწყის წუთებში თორნიკე მორჩილაძის თავური დარტყმის შემდეგ, გაგრელები გოლის გაშვებას ნახტომში არსენ სიუკაევმა გადაარჩინა,
ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ სტუმართა სახიფათო შეტევა საჯარიმოში მყოფმა ბორჟესმა დარტყმით დაასრულა და ბრაზილიელმა მცველმა ლეო ასუნსეუმ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. შესვენებამდე, „დინამო“ მეტოქის კარს ორჯერ დაემუქრა, მაგრავ ვაწაძის თავურმა მიზანს ვერცერთხელ მიაღწია. პირველი ტაიმის მიწურულს ასუენსეუმ თავის საჯარიმოსთან ახლოს გიორგი ხარებაშვილი წააქცია, ხოლო არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა.
მეორე ტაიმის დასაწყისში დინამოელთა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ლუკა ლაცაბიძეს თბილისელთა საჯარიმოში დავით გოცირიძე წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ გამოიყენა – 0:1. „დინამო“ 38 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 32 ქულით მეექვსეა.
დინამო თბ 0:1 გაგრა 
კახურ დერბიში „თელავმა“ საგარეჯოს „გარეჯი“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. “თელავში” დებიუტი თავდამსხმელ ბაჩანა არაბულს ჰქონდა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში 8-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. თავის დროზე, მან ჩვენი ქვეყნის პირველობა “სამტრედიას” და თბილისის “დინამოს” მაისურით მოიგო. გიორგი მიქაძის გაწვრთნილი „გარეჯი“ 22 ქულით მერვეა, „თელავმა“ კი ვალერი გაგუას თავკაცობით 19 ქულა დააგროვა და ბოლოსწინაა.
თელავი 0:0 გარეჯი 
ქუთაისის „ტორპედომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 5:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-6 წუთზე გერმანელმა მცველმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძალიან ძლიერად დაარტყა და „ცხრიანში“ გაიტანა – 1:0. 34-ე წუთზე უხეშობისთვის „სამგურალის“ ბრაზილიელი მცველი პაბულუ რიანი გააძევეს.
37-ე წუთზე ქუთაისელთა შეტევის დროს, შერიფმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ალეკო ბასილაძემ თავით გაიტანა – 2:0.
39-ე წუთზე თემურ გოგნაძის პასის შემდეგ, გიორგი ფანცულაიამ „ტორპედოს“ საჯარიმოშუ ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა – 2:1.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე საჯარიმოში მყოფი ბასილაძის დარტყმული მცველმა კი დაბლოკა, მაგრამ ბურთი ისევ ტორპედოელს მიუვიდა, რომელმაც შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 3:1. 49-ე წუთზე გოგნაძემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დადო, რომელიც ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა გამოიყენა – 4:1.
54-ე წუთზე მარჯვნიდან შერიფის გადაცემის შემდეგ, ბასილაძემ საჯარიმოში მცველს დაასწრო და თავით შეაგდო – 5:1. მან კარიერაში ჰეთ-თრიქი პირველად შეასრულა. 86-ე წუთზე ფანცულაიამ პენალტიდან ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე შეამცირა – 5:2.
არბიტრის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის პასის შემდეგ, ფრანგმა კისლე ზიტამ თავდაპირველად ვერ დაამშავა ბურთი, რომელიც მცველის ფეხიდან ისევ მას მიუვიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:2.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 36 ქულით მეოთხეა, ხოლო „სამგურალი“ 23 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.
ტორპედო 6:2 სამგურალი 
ლაშა თაბაგარი