“ბორჯღალოსნებმა” იტალიასთან უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს

0
55

ბორჯღალოსნები იტალიის ზედიზედ მეორედ დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ პირველ ტაიმში მოპოვებული 11-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მასპინძლებმა უმძიმეს ბრძოლაში 20:17 გაიმარჯვეს.
ეს იყო ამ გუნდების მეექვსე შეხვედრა ისტორიაში და მეხუთე იტალიაში. მასპინძლებმა მეხუთე ჯერზეც მოიგეს, თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებით, ყველაზე მცირე სხვაობით და 2022 წელს ბათუმში განცდილი მარცხისთვის (19:28) რევანში აიღეს. მიუხედავად ამისა, ნათლად გამოჩნდა, რომ იტალიასთან და ექვსი ერის სხვა გუნდებთან ტოლსწორად თამაში შეგვიძლია და გამოცდილების შეძენის ფონზე, ისტორიული გამარჯვებებიც მრავლად იქნება.
გენუაში განსაკუთრებით კარგი პირველი ტაიმი გამოვიდა. იტალია ამ ნახევარშიც ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა ბორჯღალოსნები თავს კარგად იცავდნენ და რაც მთავარია, ბურთზე კონტროლის დამყარების შემდეგ მას უნარიანად იყენებდნენ. შედეგად, საქართველომ გაიტანა ორი ულამაზესი ლელო და პირველ ტაიმში 17:6 გაიმარჯვა, მაგრამ შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.
პრაქტიკულად მთელი 40 წუთის განმავლობაში, საქართველოს იტალია უპირატესობის ფონზე უტევდა. რომ არა ჯარიმები, ბორჯღალოსნებმა ძალიან მაგარი დაცვა ითამაშეს. მაგრამ ასეთი უპირატესობისგან თავის დაცვა ნებისმიერი გუნდისათვის პრაქტიკულად გადაუჭრელი ამოცანაა და მასპინძლებმაც ორი საპასუხო ლელოთი თამაშის შემობრუნება მოახერხეს.
ზღაპარში
თამაშის პირველი ტაიმი ქართული რაგბის ქომაგისთვის ახდენილი ზღაპარი იყო. შეხვედრა მეტოქის გამალებული იერიშებით დაიწყო, თუმცა საქართველო დაცვაში ყურადღებით ირჯებოდა. დებიუტშივე ფრთაზე გადაცემა დავით ნინიაშვილმა ჩაჭრა და გარდაუვალი ლელოსგან გვიხსნა. იტალიელები ცდილობდნენ მაღალი ბურთები დაეკიდათ და მცველები მაქსიმალური წნეხის ქვეშ ყოლოდათ, რასაც ახერხებდნენ კიდეც, მაგრამ მათი მცდელობები უქულოდ სრულდებოდა.
ერთ ეპიზოდში მასპინძლებმა ლელოში შესვლაც მოახერხეს, მაგრამ ქართველებმა ბურთი არ დაამიწებინეს და 21-ე წუთზე პაოლო გარბისიმ ჯარიმის კარში გადაწყვიტა. საქართველომ ორ წუთში ძალიან მაგარი ხელდახელ შეტევით და ლამაზი ლელოთი უპასუხა. ვასილ ლობჟანიძემ მეტოქის 22-თან ბურთი ილია სპანდერაშვილთან გაითამაშა და ის სწრაფადვე ლუკა მატკავას გადააწოდა, რომელმაც ბოლო მცველი აიყვანა და შექცეული პასით ლელოში აკა ტაბუცაძე შეუშვა. ბორჯღალოსნების მთავარი მექულისთვის ეს მე-40-ე ლელოა საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 45 მატჩში. მატკავამ გარდასახა.
გარბისიმ 31-ე წუთამდე კარში კიდევ ორი ჯარიმა დაარტყა, რომელთაგან ერთი გამოიყენა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. იტალია თამაშის განახლებისთანავე დაჯარიმდა და მატკავამ 4-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. 37-ე წუთზე კიდევ ერთი მაგარი ლელო გავიტანეთ. ნინიაშვილმა დაუცველი ზონა შენიშნა, ხაზი გაჭრა და მეტოქის 22-ში შესულმა ლობჟანიძეს პასი არ დაუგვიანა. კაპიტნის ლელო მატკავამ გარდასახა, ზედ შესვენების წინ ნინიაშვილმა მეტ გალაგერზე წარმოუდგენელი ბოჭვა შეასრულა, რითაც გარდაუვალი ლელოსგან გვიხსნა და პირველ ტაიმში საქართველომ 17:6 გაიმარჯვა!
ჯარიმების ფონზე
თამაში რომ განახლდა იტალიამ მაგრად შემოგვიტია. ბორჯღალოსნები თავს იცავდნენ, მაგრამ ზოგჯერ მოთმინება არ ყოფნიდათ, ზოგჯერ კი მსაჯი ზედმეტად მკაცრად სჯიდა ეპიზოდს და მეტოქეც მუდმივი უპირატესობის ფონზე თამაშობდა. 52-ე წუთზე ეს ყველაფერი ტაბუცაძის სინბინით და იტალიის სასარგებლოდ საჯარიმო ლელოთი დასრულდა.
სამწუხაროდ ბურთის შენარჩუნება და მეტოქის ნახევარზე გადასვლა ვერც ამის შემდეგ მოხერხდა, 63-ე წუთზე ცრუ მოლს ალესანდრო ფუსკო მოწყდა და ლელოთი იტალიელები დააწინაურა, გარბისიმ კი გარდასახვით უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდა. მალე კიდევ ერთი გაშვებული ლელოსგან ტაბუცაძემ გვიხსნა, 72-ე წუთზე იტალიას ჯარიმა გაუცუდდა და თამაშის მინიმუმ ფრედ დასრულების შანსი გაჩნდა, მაგრამ ბურთი დავკარგეთ და ამჯერად გამარჯვება იტალიამ მოიპოვა – 20:17.
ბორჯღალოსნები 2024 წლის ბოლო შეხვედრას საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამართავენ. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები 24 ნოემბერს ტონგას თბილისში, “მიხეილ მესხზე” 18 საათზე დაუხვდებიან.

2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩები

17 ნოემბერი. გენუა (იტალია). ლუიჯი ფერარი

იტალია – საქართველო 20:17 (6:17)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი ახალაძე, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემურ თაფლაძე.

2 ლელო: ტაბუცაძე, ლობჟანიძე

2 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა