კალაძე: “ქართველ გულშემატკივარს ძალიან საინტერესო საღამოს ვპირდებით”

0
40

21 სექტემბერს დაგეგმილი საქართველოს და მილანის მატჩისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელების ნაკრებმა დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ვარჯიში გამართა.
მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ.
კახა კალაძე: “ყოველთვის სასიამოვნოა საფეხბურთო` მოედანზე დაბრუნება. გულწრფელად მიხარია, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ჩამოდიან. ძალიან ბევრი დაუვიწყარი დღე მაქვს გატარებული ამ გუნდთან და ამ ფეხბურთელებთან ერთად. ეს გულშემატკივრისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივრობდა იმ “მილანს”, ღამეებს ათენებდნენ, გვქომაგობდნენ და დღეს მათ საშუალება ეძლევათ, რომ კიდევ ერთხელ იხილონ ის ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან დიდ სიხარულს ანიჭებდნენ. “მილანი” დიდი ისტორიის მქონე კლუბია. არაერთ წარმატებას მივაღწიე პირადად მე ამ კლუბთან ერთად. ქართველ გულშემატკივარს ძალიან საინტერესო საღამოს ვპირდებით”.
ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართება.  მატჩს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების და იტალიური მილანის ვეტერანები მიიღებენ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 21 სექტემბერს 19:00 საათზე უმასპინძლებს.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი – 10, 30 და 50 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი