ლუკა დონჩიჩის ეპოქალური შედეგი

0
66

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, ერთ მატჩში ყველაზე მეტი ქულა უილტ ჩემბერლენს აქვს აღებული (100), მეორე შედეგი კობი ბრაიანტისაა (81), მესამეზე ისევ ჩემბერლენია 78 ქულით, ხოლო მეოთხე ადგილს დღეიდან უკვე სამი კალათბურთელი იყოფს – ლუკა დონჩიჩი, დევიდ ტომპსონი და უილტ ჩემბერლენი (73-73 ქულა).
რეგულარული პირველობის მორიგ შეხვედრაში სლოვენიელი სუპერვარსკვლავის ლუკა დონჩიჩის “დალას მავერიკსმა” ჯორჯიის შტატში იქაურ “ატლანტა ჰოუკსს” 148:143 მოუგო, ტეხასის შტატელთა გუნდის ევროპელმა ლიდერმა კი თამაში 73 ქულით დაასრულა. ლუკას სამი შედეგიანი გადაცემა დააკლდა სამმაგ დუბლამდე – დონჩიჩის ანგარიშზე ასევე 10 მოხსნა და 7 პასია.
დავძენთ, რომ მიჯრით განცდილი სამი მარცხის შემდეგ დღეს დილით დალასელებმა ნავსი გატეხეს და სლოვენიელის ფენომენალური ასპარეზობის შედეგად იმარჯვეს.

გოჩა კაჭარავა