გიორგი კვერნაძემ სერია A-ში დაბრუნებულ „ფროზინონეში“ დებიუტი გოლით აღნიშნა. სეზონის განახლებამდე „ფროზინონემ“ პირველი ამხანაგური შეხვედრა ქვედლიგელ „მონდრაგონესთან“ ჩაატარა და 7:0 გაანადგურა. 20 წლის შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო.
52-ე წუთზე ის ბურთიანად მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა, ორ მეტოქეს გაცდა და დაბალ კუთხეში გაიტანა.
„ფროზინონემ“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ფოთის „კოლხეთი 1913“-დან იჯარით აიყვანეს, რომლის ამოწურვის შემდეგ, კლუბს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება.
მართალია, კვერნაძე მიმდინარე სეზონში ბათუმის „დინამოში“ ირიცხებოდა, მაგრამ მისი სატრანსფერო უფლება კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე „კოლხეთი 1913“-ს ეკუთვნის, კვერნაძის აგენტი მამუკა ჯუღელია.
20 წლის კვერნაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. მან 2021 წელს თბილისელთა შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა.
გიორგიმ გასული სეზონი „თელავში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
კვერნაძე მიმდინარე სეზონის წინ ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა, რომელშიც 7-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





