კონფერენს ლიგაში ქუთაისის „ტორპედოს“ დებიუტი ბოსნიის „სარაევოსთან“ შედგა და მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ. შეხვედრა გახსნილი გამოდგა, რასაც გოლების რაოდენობა ადასტურებს. დაცვაში არცერთი გუნდი იჯდა და გატანილი გოლების გარდა, სახიფათო მომენტების ბევრი შეიქმნა. თუ თავდაპირველად უპირატესობა ბოსნიელებს ჰქონდათ, შემდეგ ინიციატივა ხელთ ქუთაისელებმა იგდეს და საბოლოო ჯამში ღირსეულად ითამაშეს.
მატჩის დასაწყისში ნიკა სანდოხაძემ თავის საჯარიმოდან თავით მოიგერია ბურთი, რომელიც ჟილკიჩმა შეუჩერებლად დაარტყა და ხარიხას მოახვედრა. ამ ეპიზოდიდან მცირე დროში ბოსნიელებმა კარგად გაითამაშეს კუთხური და ვარეშანოვიჩმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. „სარაევოს“ შეტევის ტემპი არ დაუგდია და კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ოლივერიამ კარგი პოზიციიდან ცუდად დაარტყა. მე-15 წუთზე ქუთაისელთა ფაქტობრივად პირველი შეტევის დროს გიორგი ფანცულაიამ მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია, ერთ ფეხბურთელს გაცდა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა – ბურთს მეკარე დაეუფლა.
ტაიმის შუაწელში სტუმართა ჩაწოდებული კუთხურის მერე, მოწინააღმდეგის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ბოსნიელმა ფეხბურთელმა მოიგო და კiერემეს თავურის მერე, ბურთი ხარიხას მეორედ მოხვდა. 39-ე წუთზე სტუმართა მოთამაშის მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი კლიაიჩმა მოიგერია, ჟილკიჩს კი საჯარიმოს გარედან გასატანად ცოტა დააკლდა. ერთ წუთში ლაშა შერგელაშვილმა საუცხოოს პასი მისცა სარაევოელთა კარის წინ გახსნილ ირაკლი ბუღრიძეს, რომელმაც ბურთი ვერ დაამუშავა და ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. 43-ე წუთზე გიორგი არაბიძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და შეტევაში ჩართულმა სანდოხაძემ მეტოქესთან ორთაბრძოლაში უკუდარტყმით ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა – 1:0.
მეორე ტაიმის სტარტზე ბოსნიელი მოთამაშის პასის შემდეგ ბურთი „ტორპედოს“ ფეხბურთელს ფეხზე შეეხო და კარის წინ მარტო დარჩენილ ოლივეირას მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ამ ეპიზოდში მასპინძლების დაცვა აშკარად ჩავარდა.
ერთ წუთში ბუღრიძე ბალკანელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, ერთ მცველს გაექცა და ზუსტი დარტყმით „ტორპედო“ დააწინაურა. 52-ე წუთზე ჟილკიჩის გადაცემის მერე კლიაიჩი გამოსვლაზე შეცდა და ვარეშანოვიჩმა თავით მასპინძლების კარი აიღო – 2:2.
ამის შემდეგ, „ტორპედო“ კიდევ უფრო გააქტიურდა და ბუღრიძე ბურთიანად „სარაევოს“ საჯარიმოში შევიდა, მაგრამ მეკარემ არ გაატანინა. ცოტა ხანში, შერგელაშვილმა ზედიზედ ორჯერ შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და თუ პირველ ჯერზე ბურთი კარს ოდნავ აცდა, მეორედ მეკარემ იყოჩაღა. ქუთაისელები შეტევას აგრძელებდნენ და ბურიძის პასის შემდეგ გიორგი ფანცულაიას სისწრაფე არ ეყო, რომ მეკარესთან პირისპირ გასულიყო და საბოლოოდ ბურთი დაკარგა. თუმცა, თამაში „ტორპედოს“ კარნახით გაგრძელდა და ჯერ არაბიძემ ვერ გაიტანა კარგი პოზიციიდან, რასაც ქობულაძის სახიფათო დარტყმა და მეკარის კარგი თამაში მოჰყვა. მე-80 წუთზე ქობულაძემ მარჯვენა ფრთიდან ძალიან სახიფათოდ ჩააწოდა და ბურთი ზედა ძელს დაეცა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ. „ტორპედო“ საპასუხო მატჩს „სარაევოსთან“ ბოსნიაში 20 ივლისს ჩაატარებს.
„ტორპედო“ (ქუთაისი) – „სარაევო“ 2:2 (0:1)
13 ივლისი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
„ტორპედო“: კიაიჩი; ქობულაძე (ჭიჭინაძე 89), მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია; გიგაური, აკბარი, შერგელაშვილი; არაბიძე, ფანცულაია (კაბალიერო 78), ბუღრიძე (მანჯგალაძე 71)
მთავარი მწვრთნელი: სტივ კინი.
„სარაევო“: როგიჩი; ბეგანოვიჩი, ტრაკო, სოლდო, დურაკოვიჩი (რადოვიჩი 82); ჟელიკოვიჩი, ვრანჩიჩი (ბალტა 90); კიერემე (გულიაშვილი 78), ვარეშანოვიჩი (მუსტაფიჩი 81), ზილკიჩი (ვივეროსი 81); ოლივეირა
გოლები: 1:0 სანდოხაძე (44), 1:1 ოლივეირა (47), 2:1 ბუღრიძე (48), 2:2 ვარეშანოვიჩი (52)
გაფრთხილება: ტრაკო (65), ბეგანოვიჩი (74), მუსტაფიჩი (86)
მთავარი მწვრთნელი: მირზა ვარეშანოვიჩი.
მთავარი მსაჯი: სნირ ლევი (ისრაელი)
ლაშა თაბაგარი





