სუპერთასის ფინალში ორი „დინამო“ ითამაშებს

0
30

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით წელს სლავა მეტრეველის სახლობის სუპერთასი ახალი ფორმატით ტარდება. დღესმ ოთხი გუნდი ჯერ ნახევარფინალში არკვევდა ერთმანეთთან ურთიერთობას, ხოლო 4 ივლისს უკვე სუპერთასის გამარჯვებული და მესამეადგილოსანი გაირკვევა.
ნახევარფინალის პირველ მატჩში, რომელიც უფრო ადრე შედგა, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ გასული სეზონის ვერცხლის მედლების მფლობელ ბათუმის „დინამოს“ სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა.
შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და რეგლამენტის თანახმად დამატებითი დროის მაგივრად პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმელებმა თერთმეტმეტრიანები შოტლანდიელი სტივ კინის დამოძღვრილ ქუთაისელებზე უკეთესად დაარტყეს და 6:5 გაიმარჯვეს.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ რეაბილიტირებულ მიხეილ მესხის სტადიონზე გორის „დილა“ მიიღო და გამარჯვებული ამჯერადაც პენალტების სერიაში გაირკვა. თუმცა, პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებით ამ თამაშში გოლები გავიდა. თავიდანვე გეტყვით, რომ მატჩის გმირი 9-წლიანი პაუზის შემდეგ „დინამოში“ დაბრუნებული საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია აღმოჩნდა.
„დინამოს“ ანგარიშის გახსნა პირველ ტაიმში შეეძლო, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან უსმანე კამარამ პასი დავით სხირტლაძეს გაუკეთა, რომელმაც მეკარესთან პირისპის იმრანი დატოვა, ამ უკანასკნელმა კი მარცხენა მახვილი კუთხიდან მეკარე ევგენი კუჩერენკოს ვერ აჯობა. გიორგი ჭიაბრიშვილმა 28-ე წუთზე სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი შეცვალა, რომელმაც ტრავმა მიიღო და მისი ადგილი მოედანზე ლევან ოსიყმაშვილმა დაიკავა. შესვენებამდე დასამახსოვრებელი ასევე ლუკა ლაკვეხელიანის დარტყმა იყო, როდესაც თბილისელთა მარცხენა მცველი გორელთა საჯარიმოში ერთ მეტოქეს გაცდა და ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
მეორე ტაიმის დასაწყისში უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა დინამოელთა საჯარიმოს ბურთი მოწინააღმდეგის მოთამაშეს აართვა და სახიფათოდ, მაგრამ ცოტა არაზუსტად დაარტყა.
მე-60 წუთზე ხარაიშვილმა საჯარიმოს გარედან „გაისროლა“ და კუჩერენკომ ბურთი გაჭირვებით მოიგერია, ხოლო დამატებაზე მყოფი ოსეი ბარნსი თამაშგარეში აღმოჩნდა.
72-ე წუთზე დაახლოებით 22 მეტრიდან იმრანმა საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ბურთი ჯერ გვერდით ძელს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. ანგარიშის გახსნიდან ორ წუთში სხირტლაძემ „დილას“ საჯარიმოში ოსტატურად გაატარა ბურთი და ხარაიშვილისგან პასიც დროულად მიიღო, თუმცა, დარტყმა დააგვიანა, რის გამო მომენტმა სიმწვავე დაკარგა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ ბოლო მე-5 წუთზე „დინამოს“ მცველებმა საკუთარ საჯარიმოში ცუდად ითამაშეს და ონორე გომისის დარტყმის შემდეგ, ლორიამ ურთულესი ბურთი მოიგერია, მაგრამ თბილისელი მოთამაშის ფეხიდან ტყავის სფერო ისევ აფრიკელ ლეგიონერს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
პენალტების სერია „დინამომ“ 4:2 მოიგო, ხოლო ლორიამ ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
ტორპედო – დინამო (ბათუმი )0:0 ( 5:6 პენ.)
დინამო (თბილისი) – დილა 1:1 (4:2, პენ.)
ფინალურ შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” უმასპინძლებს, მესამე ადგილისთვის მატჩი კი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე გაიმართება.
ლაშა თაბაგარი