საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში ადგილობრივ თანატოლებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
მასპინძლებმა ანგარიში 44-ე წუთზე გახსნეს, ხოლო მეორე გოლი 83-ე წუთზე გაიტანეს. მაისურაძის გაწვრთნილებმა მეტოქის კარი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე აიღეს.
საქართველოს ნაკრები იმავე გაბალაში მეორე ამხანაგურს ბელარუსის 19-წლამდელებთან გამართავს.
ამ ფორმაციის ნაკრები, ჩრდ. ირლანდიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში – ესპანეთს, კვიპროსს და მოლდოვას შეხვდება. ჯგუფურ ეტაპს (15-21 ნოემბერი) საქართველო უმასპინძლებს. ჯგუფიდან ელიტ რაუნდში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები გავლენ.
ლაშა თაბაგარი





