ქეცბაია: “ჩემთვის ეს თამაში არაფრის დასამტკიცებელი არაა”

0
70

კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას განცხადებით, საქართველოსთან დაპირისპირებაში დასამტკიცებელი არაფერი აქვს. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ხვალ ლარნაკაში ვილი სანიოლის შეგირდებთან დაპირისპირებამდე გაანცხადა.
თემურ ქეცბაია: „ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ორივე გუნდისთვის. ალბათ, ამ თამაშის შედეგის შემდეგ ორივე გუნდი გაიგებს, რისთვის მოუწევს ბრძოლა შესარჩევ ციკლში. საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ. თუმცა, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენც გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან ნაკრებს დაეხმარონ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხვალ შედეგს მივაღწიოთ.
ჩემთვის ეს თამაში არაფრის დასამტკიცებელი არაა. 5 წელი ვიყავი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და მნიშვნელოვანი შედეგი არ გვქონია, ვგულისხმობ იმას, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით. გულშემატკივარი კი ყოველთვის მაქსიმუმს ელოდება. საქართველოს ახალგაზრდული, იმედისმომცემი გუნდი ჰყავს და იმედია, რომ შეძლებს იმას, რაც წინა თაობამ ვერ შეძლო.
ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ და არ ვიცით, რა იქნება შესარჩევი ეტაპის ბოლოს. არც ჩვენ და არც საქართველო ჯგუფში ფავორიტი არაა, რადგან აქ უკეთესი გუნდებიც არიან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაქსიმუმს არ გავაკეთებთ. ვეცდებით, რომ ყველა თამაშში მოედანზე მოსაგებად გავიდეთ.
ვისგან ველით საფრთხეს? საქართველოს ნაკრებს ინდივიდუალურად ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს და ყველას შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მჭიდროდ ვეთამაშოთ, არ მივცეთ ქართველ ფეხბურთელებს საშუალება, რომ ბევრი სივრცე ჰქონდეთ. ჩვენც გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ხვალ გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ.
განსხვავება დიდია მას შემდეგ, რაც მე საქართველოს ნაკრები დავტოვე. დღევანდელ გუნდში ბევრი ფეხბურთელი თამაშობს წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში და თავიანთ გუნდებში ლიდერები არიან. ჩემს დროს კი, ისეთი სიტუაცია იყო, რომ არა მარტო სათამაშო პრაქტიკა, არამედ ზოგიერთი გუნდშიც არ ირიცხებოდა. სასიხარულოა, რომ გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც პროგრესს განიცდიან. ვფიქრობ, დრო დასჭირდება ამ გუნდს, რომ ის შედეგი დადოს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ელოდება.
არა მგონი, სწორი იყოს ახლა ვისაუბრო იმაზე, როგორი იქნება ჩვენი სათამაშო სისტემა და სქემა. მთავარია, ვიცით, როგორი მეტოქე გვყავს და რა მძიმე თამაში გველოდება. ვიცით ისიც, რომ მეტოქეს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული, მსოფლიო დონის ფეხბურთელი, რომლის განეიტრალებას ვეცდებით და არ მივცეთ ის სივრცე, რაც მას სჭირდება სახიფათო მომენტების შესაქმნელად. როგორც ვთქვი, საქართველო მომავლის გუნდია, ბევრი ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელი თამაშობს და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი მატჩის შემდეგ უფრო კარგ შედეგებს აჩვენებს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ელოდება“.
გრეგორის კასტანოსი: “ხვალინდელი მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ბევრი ვარჯიში ჩავატარეთ და მწვრთნელის დავალებით მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ. გვინდა, რომ ხალხი დაგვეხმაროს, რადგან ასე უფრო ადვილი იქნება. ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ჩვენც ძალიან კარგი ფეხბურთელები ვართ და სახლში თამაშში ყველაფერს გავიღებთ 3 ქულის მოსაპოვებლად. მჯერა, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში ვართ და შეგვიძლია, რაღაც ახალი და კარგი გავაკეთოთ“.