„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ზედიზედ მესამე მატჩია ვერ იგებს.
ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში ვალენსიელები სტუმრად ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „ალმერიას“ შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის დასაწყისში სტუმრებს ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდათ, როდესაც გუნდის კაპიტანი ხოსე გაია მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა დაა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
42-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტი „ალმერიას“ კარიდან წინ გამოსულ მარტინესთან პირისპირ გავიდა და ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო, მაგრამ გუნდის კაპიტანმა ბაბიჩმა მასპინძლები გოლის გაშვებისგან იხსნა.
„ალმერიამ“ პირველი ტაიმისგან განსხვავებით მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესად დაიწყო და ამან შედეგი 49-ე წუთზე გამოიღო, როდესაც კოსტას პასის მერე „ვალენსიას“ დაცვა ჩავარდა და სტუმართა საჯარიმოში მყოფმა მელერომ შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
ამის შემდეგ ანგარიშის გაზრდა პუიგმალს შეეძლო, რომელმაც ახლო მანძილიდან დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია. 58-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან რობერტონემ კუთხური ჩააწოდა და მამარდაშვილი გამოსვლაზე შეცდა, ხოლო უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ბაბიჩმა თავით შეაგდო – 2:0.
61-ე წუთზე ვალენსიელთა შეტევას მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში პასი მოჰყვა და მასპინძლების მცველებმა ბურთი ცუდად მოიგერიეს, ხოლო სამუ კასტილეხომ ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა. მატჩის მიწურულს უგო დუროს ახლოა მანძილიდან თავით გატანა შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
„ვალენსიას“ 27 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი





