წყალტუბოს „სამგურალმა“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია თბილისის „საბურთალოსთან“ შეწყვიტა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის დასკვნით შეხვედრაში გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მინიმალური სხვაობით მოიგო.
„საბურთალო“ სათამაშოდ გუგა ნერგაძემ გაიყვანა, რადგან „სამტრედიასთან“ დაპირისპირების შემდეგ, ომარ თეთრაძეს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
32-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ბაქარ ქარდავას გარღვევას მეტოქის საჯარიმოში პასი მოჰყვა გიზო მამაგეიშვილის მისამართით, რომელმაც „ცაციათი“ დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
საპასუხო შეტევაში მარჯვენა ფრთხიდან გაკეთებული დიაგონალური პასის მერე, გიორგი ნიქაბაძემ ბურთი თბილისელთა საჯარიმოში მიიღო და მარცხენა ფეხით კარში გაგზავნა, მაგრამ ლაზარე კუპატაძემ დამაჯერებლად ითამაშა.
ცოტა ხანში, მალელი თავდამსხმელი შეიკნე სილა მარჯვენა ფლანგზე დავით მაისაშვილ გაექცა, შემდეგ საჯარიმოში შესული ომარ პატარკაციშვილსაც გაცდა და ახლო მანძილიდან დაარტყა, თუმცა ნოდარ ყალიჩავამ, რომელიც ამ სეზონში დებიუტი ჰქონდა, ბურთი მოიგერია.
53-ე წუთზე ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოშო ჩაჰკიდა, სადაც უმეთვალყურეოდ დარჩენილმა დავით მაისაშვილმა თავით კუპატაძისგან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
67-ე წუთზე „სამგურალს“ ანგარიშის გაზრდა შეეძლო, როდესაც მოედნის ცენტრიდან ნოდარ ლომინაძემ ზუსტი პასით მეკარესთან პირისპირ ნიკა ხორხელი დატოვა, მაგრამ მასპინძლების ფორვარდმა დარტყმა დააგვიანა და გიორგი ჯგერენაიამ ბურთი წაართვა.
74-ე წუთზე. ჯგერენაიმ ძალიან შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხას შეეხო, ვიდრე მოედანს დატოვებდა.
77-ე წუთზე, ლომინაძემ თავისი ნახევრიდან კარგი გადაცემა გაუკეთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ნიკა კალანდარიშვილს, რომელმაც თბილისელთა საჯარიმოში ნიქაბაძე მოძებნა, ამ უკანასკნელს კი დარტყმაში სელი გიორგი ჩადუნელმა და ჯგერენაიამ ვერ შეუცვალეს, რასაც კუპატაძის კარში მეორე გოლი მოჰყვა.
მატჩის მიწურულს ჩადუნელი კალანდარიშვილს ეუხეშა და მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეეგ, „საბურთალოს“ მცველი გააძევა. საჯარიმო დარტყმა თავად კალანდარიშვილამ შეასრულა და კუპატაძემ ნახტომში გუნდი კიდევ ერთი ბურთის გაშსვებისგან იხსნა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებზე დემურ ჩიხლაძემ მარჯვნიდან კუთხური ჩააწოდა და მასპინძელი ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამას გიორგი კოხრეიძის დაწყებული კონტრშეტევა მოჰყვა და საბურთალოელი აკრძალურლი წესით შეაჩერეს. საჯარიმო ლუკა სილაგაძემ შეასრულა დაახლოებით 22 მეტრიდან და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი შეაგდო.
„სამგურალმა“ 10 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ზედიზედ 4 თამაშის არწაგების მერე დამარცხებული „საბურთალო“ 9 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
„გაგრასა“ და „დილას“ მატჩი, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გაიმართა, უგოლოდ დასრულდა. გაგრელებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, რადგან 53-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის წითელი ბარათი მიიღო. ის ორ მცველს გაცდა და იმაზე გაცხარდა, რომ ალეკო აფციაურმა გორელ ფეხბურთელებზე თამაშის წესი დარღვევა არ დააფიქსირა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს დამოძღვრილი „დილა“ 10 ქულით მეექვსეა, ხოლო თორნიკე კირკიტაძის „გაგრა“ 2 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





