ცხადაძის გუნდის ზედიზედ მეოთხე მარცხი

0
19

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა „კასპიიმ“ ყაზახეთის პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. ამჯერად, ქართველი სპეციალისტის შეგირდები შინ „კაისართან“ 1:3 დამარცხნდნენ.
მასპინძლებში ფორვარდმა გიორგი ფანცულაიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური მოედანზე 39-ე წუთზე შევიდა. სტუმართა განაცხადში ფორვარდი გიორგი ბუხაიძე იყო, მაგრამ არ უთამაშია.
„კასპიის“, რომელსაც ცხადაძე სათავეში გასული წლის დეკემბერში ჩაუდგა, ჯერ ქულა არ აუღია და 14-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
საბერძნეთის სუპერლიგის 28-ე ტურში „პანეტოლიკოსი“ შინ „ლამიასთან“ 1:3 დამარცხდა. მასპინძლების სასტარტოში საქართველოს ნაკრების გარემარბმა ლევან შენგელიამ ითამაშა, რომელიც 68-ე წუთზე შეცვალეს. „პანეტოლიკოსი“ 19 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში მოსკოვის „დინამომ“ თავის მოედანზე „სოჩისთან“ 0:2 წააგო. მასპინძლების სასტარტოში საქართველოს ნაკრების წევრები – მცველი საბა საზონოვი და ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე იყვნენ. პირველი მათგანი 79-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორემ სრულად ითამაშა. მოსკოველები 35 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი