გიორგი გველესიანი, რომელიც ირანის ყველაზე ტიტულიან კლუბში გამოდის სპარსეთის ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მცველად აღიარეს. 31 წლის ფეხბურთელმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე გულდაწყვეტილმა დაწერა, რომ მიუხედავად აზიის ერთ-ერთ წამყავნ ლიგაში წლების განმალობაში წარმატებით თამაშისა, მისთვის საქართველოს ნაკრების კარი დახურულია.
“რამდენიმე დღის წინ სპარსეთის ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მცველის პრიზით დამაჯილდოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი დონის მცველები იყვნენ დასახელებული, საბედნიეროდ, ბევრმა, მათ შორის ფეხბურთის ექსპერტებმა, მიიჩნიეს, რომ ეს პრიზი მე დავიმსახურე. ეს დიდი მოტივაციაა ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელიც სხვა ქვეყანაში თამაშობს.
მოტივაცია და თავდაჯერება ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, როცა არასდროს მითამაშია საკუთარი ქვეყნის ნაკრებში, 17, 19 და 21-წლამდელებშიც კი. შესაძლოა, იყო დრო, როცა არ ვიმსახურებდი იქ ყოფნას, მაგრამ ისეთი პერიოდიც იყო, როცა დავიმსახურე, მაგრამ არ მიძახებდნენ და ეს ფაქტი ყოველთვის ანადგურებდა ჩემს მოტივაციას, თითქოს არ ვარსებობ, თითქოს ეროვნების გარეშე ვარ. მათ თვალები ფართოდ ჰქონდათ დახუჭული, განსაკუთრებით ახლა, როცა აზიის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის – „პერსეპოლისის“ წევრი ვარ!
წლიდან წლამდე პროგრესი მაქვს და ვინც მიცნობს, ხვდება, საქმეს რამდენად დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ყველა ფეხბურთელი ნაკრებში თამაშზე ოცნებობს და მეც ასე ვარ. ეროვნული ნაკრების წევრობა „მწვანე შუქს“ ანთებს და კარიერაში უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის. ამ სარგებლის გარეშე, გზა, რომელიც ფეხბურთელმა უნდა გაიაროს, რთული ხდება.
შესაძლოა, ელოდნენ, რომ ვითამაშებდი ევროპის ტოპ-5 ლიგაში. ვინ იცის, ალბათ შემეძლო… თუ დამეხმარებოდნენ, მაგრამ არასოდეს ცდილობდნენ.
უბრალოდ, ვაგრძელებ შრომას და ვაგრძელებ ჩემს ყოველდღიურობას. მადლობელი ვარ ღმერთის ყველაფრისთვის, რაც მაქვს. საბედნიეროდ, ირანული ფეხბურთიდან რამდენიმე ადამიანი გვერდში მედგა და მოტივაციას მაძლევდა, აღმედგინა ჩემი თავდაჯერებულობა.
მადლობა ჩემს დიდ ოჯახს და ჩემს მეგობრებს ერთგულებისთვის. პრიზი სიმბოლურია, მაგრამ განცდა, რომ ნამუშევარი დაფასებულია, ცალსახად სასიამოვნოა, მადლობა დიდი მხარდაჭერისთვის!”





