„საბაჰმა“, რომელშიც დავით ვოლკოვი გამოდის, აზერბაიჯანის პრემიერლიგის 26-ე ტურში დიდი ანგარიშით მოიგო.
„საბაჰმა“ „სუმგაითს“ უმასპინძლა და 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად გოლი არ გაუტანია. მან მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 შეხვედრაში თავი 7-ჯერ გამოიჩინა, ხოლო თასზე 3-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 2-ჯერ დაამწუხრა.
„საბაჰი“ 59 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ აგდამის „ყარაბაღს“ 6 ქულით ჩამორჩება.
თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურში „გირენუსფორმა“ „ქარაგიუმრუქი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. სტუმართა განაცხადში საქართველოს ნაკრების გარემარბი საბა ლობჟანიძე ვერ მოხვდა. „ქარაგიუმრუქი“ 30 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.





