„ნაპოლიმ“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო.
იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში ნეაპოლელებმა რომის „ლაციოს“ უმასპინძლეს, რომელიც პირველ წრეში სტუმრად დაამარცხეს, მაგრამ ამჯერად დედაქალაქელებთან ქულა ვერ აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა. „ნაპოლი“ ორი ტაიმის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა.
„ლაციო“ თავისი შანსის მიღებას კონტრშეტევაში ცდილობდა და მაურიოციო სარის გუნდს 67-ე წუთზე გაუმართა, როდესაც მცველების დასახმარებლად ჩასულმა კვარაცხელიამ თავით ბურთი ცუდად მოიგერია და პასი გაუკეთა ვესინოს, რომლმაც დაახლოებით 25 მეტრიდან შეუჩერებლად ეფექტური გოლი გაიტანა.
შეხვედრის მიწურულს ლუჩანო სპალეტის გუნდმა ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და კვარაცხელის ჩაწოდების შემდეგ კართან ახლოს მყოფმა ოსიმენმა თავით ბურთი ზედა ძელს მოახვედრა.
თავის მხრივ ანგარიშის გაზრდის შანსი „ლაციოს“ ჰქონდა, როდესაც მილნეკოვიჩ-სავიჩმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს შეეხო.
„ნაპოლიმ“ ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველა ტურნირში პირველად დამარცხდა. მანამდე, ნეაპოლელებმა 9 შეხვედრა მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
„ლაციოსთან“ შეხვედრამდე სპალეტის შეგირდებმა ბოლოს იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე წლის 4 იანვარს წააგეს – სტუმრად მილანის „ინტერთან“ 0:1. გარდა ამისა, 2022 წლის 10 აპრილის შემდეგ, ნეაპოლელები შინ პირველად დამარცხდნენ.
„ნაპოლი“ 65 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერობს – მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ 48 ქულა აქვს, ხოლო მესამე-მეოთხე პოზიცაზე განლაგებულ „ინტერს“ და „მილანს“ 47-47 ქულა. თუმცა, მილანურმა გუნდებმა თითო მატჩით ნაკლები ჩაატარეს.





