„ნაპოლიმ“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, იტალიის ჩემპიონატის მოგებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
24-ე ტურში ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილებმა სტუმრად „ემპოლი“ დაამარცხეს და ნეაპოლელთა წარმატებაში როგორც ყოველთვის თავისი დიდი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეიტანა.
მე-17 წუთზე კვარაცხელიამ ბურთი მასპინძლების საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და მოჭრილი დიაგონალური პასით დი ლორენცო მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა, ხოლო ისმაილიმ ავტოგოლი მიითვალა – 0:1.
28-ე წუთზე ნეაპოლელებმა კუთხური გაითამაშეს და დაახლოებით 20 მეტრიდან კვარაცხელიას დარტყმის შემდეგ, „ემპოლის“ მეკარის მოგერიებულ ბურთს ოსიმენმა ზუსტად დაამატა – 0:2,
ამის შემდეგ „ნაპოლის“ კიდევ ორი საგოლე მომენტი ჰქონდა – ჯერ ლუპერტოსთან პირისპირ გასულ ოსიმენს „ემპოლის“ მეკარემ აუღო, ხოლო კუთხურის ჩაწოდების შემდე კიმ მინჯაეს თავურიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა და ლუპერტომ ფეხით უკუაგდო.
67-ე წუთზე მოედანზე დაწოლილმა მარიო რუიმ ფეხებს შორის წიხლი ამოარტყა კაპუტოს, რის გამო, წითელი ბარათი მიიღო და „ნაპოლიმ“ თამაში 10 კაცით დაასრულა.
კვარაცხელია 71-ე წუთზე შეცვალეს და მის ნაცვლად თამაშში ელმასი ჩაერთო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ნაპოლი“ 65 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია – მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს“ 47 ქულა და ერთი თამაშით ნაკლები აქვს.
ლაშა თაბაგარი




