„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ხასვისთვის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სტუმრად მარცხი და ევროპა ლიგის 1/8-ფინალში ვერგასვლა დიდი იმედგაცრუებაა.
ინგლისელებმა ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში შინ ესპანელებს 2:1 აჯობეს და ვინაიდან ბარსელონაში დაპირისპირება 2:2 დასრულდა, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
„პირველი გაშვებული გოლის შემდეგ უფრო ადვილად მოწყვლადი გავხდით. მეორე ტაიმში ორთაბრძოლები ძვირად დაგვიჯდა. მეტოქემ ინტენსივობა გააძლიერა. პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით. თუმცა, ეს მარცხი დიდი იმედგაცრუებაა.
საუცხოო სათამაშო ფორმაში მყოფ და ფიზიკურად ძალიან ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. ყველაფერს დეტალები წყვეტს. ძალიან საწყენია, რადგან გუნდმა თავისი სახე აჩვენა და შესაძლოა უფრო მეტი დაიმსახურა. მომენტები შევქმენით, მაგრამ მცირე დეტალებს ვერ ვაკონტროლებდით და ამიტომ გავვარდით. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გასულ სეზონს უკეთესად გამოვედით. მომდევნო წელს კიდევ ვცდით. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ახლა დადგა დრო კონცენტრაცია ლა ლიგაზე და თასზე გავაკეთოთ“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს Marca.





