პორტუგალიას მარტინესი გაწვრთნის

0
29

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები ბელგიის ეროვნული გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ჩაიბარა. მარტინესი ბელგიელებს 2016 წლიდან ავარჯიშებდა. მან 2018 წელს რუსეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე გუნდს ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა. კატარის მუნდიალზე ჩავარდნის შემდეგ, როდესაც ბელგია ჯგუფიდან ვერ გავიდა, მან თანამდებობა დატოვა.
49 წლის ესპანელი სპეციალისტი ფერნანდუ სანტუშს შეცვლის. სანტუში პორტუგალიის ნაკრების მესაჭის პოსტს კატარის მსოფლიო პირველობის შემდეგ დაემშვიდობა.
მარტინესი პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში მესამე უცხოელი მწვრთნელია, ბრაზილიელების, ოტო გლორიასა და ლუიშ ფელიპე სკოლარის შემდეგ. გლორიამ პორტუგალიას 1966 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი მოაპოვებინა, ხოლო სკოლარიმ დასავლეთპირენელები 2004 წელს ევროპირველობის ფინალში გაიყვანა.