სამხრეთ კორეის ფეხბურთელთა ნაკრების კატარის მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ითამაშებს. პორტუგალიელი პაულუ ბენტუს გაწვრთნილმა გუნდმა H ჯგუფის ბოლო შეხვედრაში პორტუგალიას მინიმალური სხვაობით აჯობა.
პორტუგალია ბოლო მატჩში მოედანზე შეცვლილი შემადგენლობით გავიდა, მაგრამ მე-5 წუთზე ანგარიშის გახსნა არ გაჭირვებია – მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი დიოგო დალოს გადაცემის შემდეგ რიკარდო ორტამ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა.
27-ე წუთზე სამხრეთ კორეამ მარცხნიდან კუთხური ჩააწოდა და ბურთი მას მერე რაც კრიშტოანუ რონალდუს ზურგში მოხვდა, კარის წინ მდგომ იუნგ-გვონ კიმს მიუვიდა, რომელმაც ვარდნაში ზუსტად დაარტყა – 1:1.
ძირითადი დროსთვის დამატებული პირველ წუთზე ჰონ-მინ სონმა ბურთი თავისი ნახევრიდან წამოიღო და პორტუგალიელთა საჯარიმოში გახსნილ ჰო-ჩან ჰვონგს მისცა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ და სამხრეთ კორეამ ორივე თამაში მოიგო – 2002 წელს 1:0 დაამარცხა. პაულუ ბენტუ 2010 წლის შემდეგ პირველი მწვრთნელია, რომელმაც თავისი მშობლიური ქვეყნის ნაკრები დაამარცხა. პირველი სერბი მილოვან რაიევაცი იყო, რომლის ხელმძღვანელობით განამ სერბეთს 1:0 სძლია.
პორტუგალიამ თავის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე წააგო შეხვედრა, რომელშიც ანგარიში გახსნა. რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე (20), ასევე ევროპის პირველობაზე (25) 20 ან მეტი მატჩი ჩაატარა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე მეტოქის კარის ჩარჩოში ბურთი 100-ჯერ მოახვედრა.
პორტუგალიამ 6 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. სამხრეთ კორეა 4 ქულით მეორეზე გავიდა, რადგან დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა ურუგვაის, რომელმაც ჯგუფის ბოლო შეხვედრაში განას 2:0 სძლია.
ნახსენებ თამაშში ანგარიშის გახსნის შანსი პირველად განელებს ჰქონდა, როდესაც მეკარე როჩეტმა თავის საჯარიმოში აფრიკელი ფეხბურთელი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ანდრე აიუმ თერთმეტმეტრიანი შეასრულა და როჩეტმა ბურთი მოიგერია. განა ფეხბურთის ისტორიაში პირველი ნაკრებია, რომელმაც ერთი და იმავე მეტოქეს პენალტიდან გოლი ორ სხვადასხვა მუნდიალზე ვერ გაუტანა. განელებმა სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი შანსი 1/4-ფინალში ვერ გამოიყენეს.
26-ე წუთზე ურუგვაელთა შეტევა დე არასკაეტამ დაასრულა, რომელმაც ლუის სუარესის დარტყმის შემდეგ განელთა მეკარის მოგერიბული ბურთი თითქმის კარის ხაზიდან თავით გაიტანა.
32-ე წუთზე სუარესმა აფრიკელთა საჯარიმოში დე არასკაეტა მოძებნა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით ატი-ზიგის კარში შეაგდო. საბოლოო ჯამში ურუგვაიმ ჯგუფში მე-3 პოზიცია დაიკავა და მსოფლიო პირველობას დაემშვიდობა. ურუგვაელები 2002 წლის შემდეგ პირველად მუნდიალის პლეი-ოფში ვერ გავიდნენ.




