ლისაბონის „სპორტინგმა“ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. D ჯგუფში პორტუგალიელებმა ლონდონის „ტოტენჰემს“ უმასპინძლეს და სამი ქულა მატჩის ბოლო წუთებზე აიღეს. 90-ე წუთზე ლისაბონელებმა კუთხური ჩააწოდეს და პაულინიომ თავური დარტყმით გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე არტურ გომეში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრა, ორ მცველს გაექცა და საბოლოო წერტილი დასვა – 2:0.
იმავე ჯგუფში „მარსელმა“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ მიიღო და 0:1 წააგო. გერმანელებიდან გამარჯვების გოლი ლინდსტრიომმა მიითვალა.
D ჯგუფში „სპორტინგი“ 6 ქულით ლიდერობს, ხოლო „ტოტენჰემი“ 3 ქულით მეორეა. ამდენივე ქულით „აინტრახტი“ მესამეა. „მარსელი“ უქულოდაა და ბოლოა.





