„არ დაიძინო, როცა მოედანზე ვარ!“
ხვიჩაზე აქამდე არაფერი დამიწერია.
სათქმელის მეტი რა იყო?! ბევრი რაღაცის თქმა შეიძლებოდა რუსეთიდან წამოსვლაზე, ბათუმში გატარებული თვეებზე, ეროვნული ჩემპიონატისკენ მიბრუნებულ ქომაგზე… „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ – მით უმეტეს! სამხრეთ იტალიის ეს ქალაქი ხომ დღემდე ფეხბურთით ცხოვრობს. ნეაპოლში დღემდე მარადონაზე აკეთებენ სწორებას…
სათაური კი… სანამ მეტისმეტად ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენებათ, აქვე განვმარტავ: ხვიჩა კვარაცხელიას არც ინსინიეს ვადარებ და მით უმეტეს, არც – ლეგენდარულ არგენტინელს. უბრალოდ, მიხარია, რომ ჩვენი ბიჭი სწორედ დიეგოს ნაკვალევზე ითამაშებს. მისი სახელობის სტადიონზე. და თქვენთან ერთად, მეც ძალიან მინდა, ადგილობრივ ტიფოზებს ლეგენდარული არგენტინელივით შეაყვაროს თავი…
შეაყვაროსო?! უყვართ კი არა, არამხოლოდ ნეაპოლი – ბოლო დღეებია, მთელი იტალია ჩვენს ბიჭზე ლაპარაკობს! ყოველკვირეული ზეიმის მოლოდინში უკვე ხელებს იფშვნეტენ და ძველი ვარსკვლავები (ცხადია – მარადონას გარდა!) აღარც ახსოვთ… მეტიც, როცა კვარას დუბლის შემდეგ „ნაპოლის“ სიმბოლოდ მიჩნეულმა ლორენცო ინსინიემ ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც ბურთები კვარაცხელიას მსგავსად გააქვს, ნეაპოლელმა ტიფოზებმა ყოფილი ვარსკვლავი მწარედ გააკრიტიკეს – იმის ნაცვლად, ახალგაზრდა შემცვლელს წარმატება მიულოცო, ბოღმა გახრჩობსო!
თუმცა, რაღა დროს ინსინიეა?! ახლა კვარას დროა! იტალიური ფეხბურთის ახალი ვარსკვლავის – KvaraStella-ს (Stella. – „ვარსკვლავი“ – იტ.) – სწორედ ასე უწოდა Corriere dello Sport-მა…
ხვიჩაზე აქამდე არ დამიწერია, რადგან… „მეც იმათ ჯოგიდამა ვარ“, ვინც მიიჩნევს, რომ უნდა „ვაცალოთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში“, რომ არ შეიძლება, 21 წლის ახალგაზრდას ამხელა წნეხი ავკიდოთ და ყველგან მისი სახელი ისმოდეს, მაგრამ… უკვე აღარ მეშინია! დღეს მეც ვილაპარაკებ ბიჭზე, რომელმაც ხმაურიანად შეაბიჯა იტალიურ ფეხბურთში.
ხვიჩამ უკვე იმდენს გაუძლო, რაღამ უნდა შეცვალოს?! უკეთესობისკენ თუ შეიცვლება, თორემ, რაც უკვე მოისმინა, სუსტი ფსიქიკის პატრონზე აქამდეც აუცილებლად იმოქმედებდა.
20 წლის დავით ნინიაშვილმა მითხრა ინტერვიუში – თუ რომელიმე ახალგაზრდა სპორტსმენს პოპულარობა „თავში აუვარდა“, მცირედით დაკმაყოფილებულაო!
მოდი და ნუ დაეთანხმები!
ბედნიერებაა, როცა ახალგაზრდები ასე აზროვნებენ!
და კიდევ უფრო დიდი ბედნიერება, როცა ეს ახალგაზრდები ისეთი ნიჭიერები არიან, როგორიც დათუნაა, ხვიჩა და სხვები…
დიახ, უამრავი ნიჭიერი სპორტსმენი გვინახავს, პოპულარობას უკან რომ დაუხევია. საბედნიეროდ, ხვიჩას მსგავსი არაფერი ეტყობა.
„ნაპოლიში“ არავის შემცვლელად მოვსულვარ. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემი ფეხბურთი ვითამაშო და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო! – თქვა ხვიჩამ ახალ კლუბში ოფიციალურად წარდგენისას.
დაიწყო კიდეც! სამხრეთელ ტიფოზებს პირველივე მატჩის შემდეგ ათქმევინა, რომ „ეს ახალგაზრდა ზეიმს მთელი სეზონის განმავლობაში არ მოაკლებს!“ „მონცასთან“ თამაშის შემდეგ კი, ერთმანეთზე უკეთესი ორი გოლის შემდეგ, „კიჩა“ (ხ-სა და ვ-ს კომბინაციის წარმოთქმა იტალიელებმა ჯერაც ვერ ისწავლეს!) სერია ა-ს მთავარი ვარსკვლავია. ზედიზედ მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში და ორ მატჩში გატანილი სამი ბურთით – ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც არის!
ქართველი, რომელსაც ბრაზილიელივით დრიბლინგი აქვს, ორივე ფეხით დიდებულად თამაშობს, ნამდვილი პროფესიონალია და კარგი ბიჭი – ასე ახასიათებენ ხვიჩას იტალიელები. წნეხი ბოლომდე რომ მოეხსნება, თქვენ მერე ნახეთ, საქმეს ისე ეტყობა, ნეაპოლურ პიცას მალე ხაჭაპური ჩაანაცვლებსო – ვარაუდობენ სხვები… „კვარადონამ“ კი (ეს სახელიც იტალიელებმა შეარქვეს) პირველივე ოფიციალურ მატჩში დაამტკიცა, რომ ზღაპრული პასებიც დრიბლინგზე არანაკლებ ეხერხება და რაც მთავარია, ნეაპოლში პიცის საჭმელად არ ჩასულა!
ნეაპოლი ძველმა ბერძნებმა დაარსეს და „ნეა პოლის“ (ახალი ქალაქი) უწოდეს.
ხვიჩა ჯერ ახალი ბიჭია ახალ ქალაქში. ახალია, მაგრამ უკვე დაიპყრო სამხრეთ იტალელების მხურვალე გულები. არც გაგვკვირვებია – ფეხბურთი ხომ, განსაკუთრებით – ლამაზი, ტექნიკური, შემტევი ფეხბურთი ნეაპოლში ფანატიკურად უყვართ.
ნაპოლის მთავარი სტადიონის სახელიც ამის დასტურია – „სტადიო დიეგო არმანდო მარადონა“!
დიახ, „ფეხბურთის ღმერთს“ ნეაპოლში დღემდე ისევე აღმერთებენ, როგორც 1990 წელს!
ჩვენი ბიჭი სწორედ დიეგოს ნაკვალევზე ითამაშებს. მისი სახელობის სტადიონზე. და ძალიან გვინდა, ადგილობრივ ტიფოზებს ლეგენდარული არგენტინელივით შეაყვაროს თავი…
ვიცი, რომ ხვიჩა ნეაპოლში „არავის შემცვლელად ჩასულა“. არც მარადონასთან მის მსგავსებაზე გიარაკებთ. დიეგო ერთი იყო და ნეაპოლის მთავარ სტადიონსაც სულ „სტადიო დიეგო არმანდო მარადონა“ ერქმევა.
ვინმესთან შედარება არც თვითონ ხვიჩას უყვარს (რამხელა პატივიც არ უნდა იყოს!). სამხრეთ იტალიაში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა. თამაშობს და თამაშით სიამოვნებას იღებს თვითონაც და მაყურებელიც. სწორედ ეს არის ფეხბურთის მთავარი მიზანი – ითამაშე სიამოვნებისთვის!
ჩვენ კი, ორმაგად გვიხარია რომ წლების შემდეგ, ისევ გვყავს „ჩვენი კაცი“ დიდ ფეხბურთში. ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ მეტოქ(ეებ)ის მოტყუება კი არა, ისეთი ზღაპრული გადაცემების შესრულებაც შეუძლია, სერია „ა“-ს პირველივე ტურში რომ ვნახეთ. 21 წლის ბიჭი, რომელიც მოედანზე არავის ამჩნევს და იმჩნევს – ბურთის გარდა! ბიჭი, რომელმაც დაგვიბრუნა დიდი ფეხბურთი და მასთან ერთად – სიამაყე, იმედი, ჯადოსნური თამაშის ყოველკვირეული მოლოდინი… ბიჭი, რომელმაც საქართველო დიდ ფეხბურთში დააბრუნა. ფეხბურთი(თ) სიხარულის, სიამაყის მინავლებული გრძნობა გააღვიძა…
„ნეაპოლის ცისფერ ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა!“ – დაწერა „ნაპოლის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ხმაურით შეაბიჯა იტალიის ჩემპიონატში. ბუნებრივია, ყველა მატჩში ერთნაირი წარმატებით ვერ ითამაშებს. შეცდომებიც ექნება და წარუმატებელი დღეებიც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახალგაზრდა ქართველმა იტალიური თავგადასავლის პირველივე დღეებში დააგზავნა შეტყობინება – მოედანზე არავისი ეშინია და რომ „ნაპოლის“ ქომაგებს ზეიმი სეზონის ბოლომდე არ მოაკლდებათ!

ბიჭი, რომელმაც საქართველო დიდ ფეხბურთში დააბრუნა. ფეხბურთი(თ) სიხარულის, სიამაყის, მოლოდინით აგვავსო!
იციან, უკვე შეიყვარეს კიდეც, ენაც ბევრჯერ მოიტეხეს მისი გვარ-სახელის გამოთქმისას და კომპლიმენტებსაც ვეზუვის ფერფლივით აყრიან.
მეტისმეტია? შესაძლოა, მაგრამ, აღარ გვეშინია: ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ფსიქიკაც მუხლივით მაგარი აქვს!
ნეაპოლის მფარველ წმინდანად მიიჩნევა წმინდა იანუარიუსი, რომლის ხსენების დღე (და ქალაქის დღესასწაული) 19 სექტემბერს იმართება.
კვარამ თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, 19 სექტემბრამდე უკვე მისი სახელობის დღეც არსებობდეს.
ცხადია, ვხუმრობ. ხვიჩას სულაც არ სიამოვნებს ამდენი ხმაური. პირდაპირ ამბობს, რომ „სჭირდება სიმშვიდე და კონცენტრაცია ფეხბურთზე“. დიახ, ახლა, მთავარი სწორედ ისაა, ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯანმრთელი იყოს და ზედმეტმა აჟიოტაჟმა პროგრესში ხელი არ შეუშალოს.
მონცა… აქამდე, ეს სახელი, მხოლოდ სახელგანთქმულ ავტოდრომთან ასოცირდებოდა ჩვენთვის, ამიერიდან კი, ქართველ (და ცხადია – ნეაპოლელ) ქომაგს, „მონცას“ ხსენებაზე აუცილებლად გაახსენდება კვარაცხელიას ორი ულამაზესი გოლი. ნეაპოლის „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ ჩვენი ბიჭის დებიუტი სწორედ „მონცასთან“ მატჩში ვნახეთ. გოლებსაც ხომ გააჩნია?! ულამაზესი, უზუსტესი დარტყმა 35-ე წუთზე, მერე კი – ერთი მოძრაობით „პენსიაზე“ გაშვებული მცველი და მარცხენა ფეხით გატანილი მეორე ბურთი!
დიახ, ნეაპოლის ცისფერ ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა…
ისევ ზედმეტი მომდის? არადა, სულაც არ მინდა, მეც შევიტანო წვლილი ახალგაზრდა მოთამაშის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟში, მაგრამ როგორ გინდა, მოთოკო კალამი, ან – ფიქრი?! „მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს!“ – კვარა თვითონ „გვაიძულებს“, მასზე ვილაპარაკოთ!
თანაც, კვარა უკვე ისედაც არის გადამეტებული ყურადღების ქვეშ – მილიონობით ტიფოზის მხრიდან და რამდენიმე ათასი ქართველის რეაქცია ზღვაში წვეთი უნდა იყოს, მაგრამ… მშობლიური ყველაფერი ორმაგად ტკბილ-მწარეა და გამონაკლისი ვერც ხვიჩა იქნება – მისიანების ქებაც, კრიტიკაც და ყურადღებაც, 21 წლის ბიჭზე განსაკუთრებულად იმოქმედებს.
მეტოქე გუნდის მცველებს შორის მონავარდე კვარაცხელიას ყურებისას, ბრიტანული „გარდიანის“ ჟურნალისტის სიტყვები მახსენდება, „ლივერპულის“ რბევის შემდეგ რომ მიუძღვნა დავით ყიფიანს: „ინტელიგენტური, ელეგანტური დავით ყიფიანი, რომელიც ძალიან მოგვაგონებს ლევ ტოლსტოის დროის არისტოკრატს, საოცრად მრავალფეროვანი და დახვეწილი ტექნიკის წყალობით, ისე თავისუფლად დანავარდობდა „ლივერპულის“ ნაცად მებრძოლებს შორის, თითქოს საფეხბურთო მინდორზე კი არ იბრძვის, თავის საგვარეულო მამულში სეირნობსო“.
ცხადია, კვარაცხელიას ყიფიანს არ ვატოლებ. ყიფო სხვა სტილისა და მასშტაბის ფეხბურთელი იყო (ყველას ძალიან გვინდა, ხვიჩა რა შეიძლება, მოკლე დროში დაეწიოს!), მაგრამ ნავარდი… კვარაცხელიას თამაშში, ყველაზე მეტად, სწორედ ის მომწონს, რომ არც მოწინააღმდეგეს დაგიდევთ და არც მოედანს – ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ისე უშიშრად, თავდაჯერებით თამაშობს, თითქოს, სერია ა-ში ჰქონდეს ჭიპი მოჭრილი. და როცა წნეხისგან სრულად გათავისუფლდება, ხვიჩას სრულ პოტენციალს მერე ვნახავთ. „ნაპოლის“ თავკაციც ასე ფიქრობს: „კვარა ძალიან ემოციურია და როცა წნეხი მოეხსნება, როგორც კი იტალიურ ფეხბურთს შეეჩვევა, გაცილებით უკეთ ითამაშებს“ , – თქვა ლუჩანო სპალეტიმ.
ამხანაგურ მატჩებში კი „იფრინა“, მაგრამ იტალიის ჩემპიონატს სხვა სპეციფიკა აქვს და მაინც ერთგვარი შიშით ველოდით ხვიჩას სადებიუტო მატჩებს. სულ ტყუილად! „ვერონასთან“ სასტარტო შემადგენლობაში დაწყებულ არასრულ მატჩში (68-ე წუთზე შეცვალეს) კვარაცხელიამ თავადაც გაიტანა და დიდებული საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი!
ზელინსკისთვის გაკეთებული გადაცემა ცალკე თემაა. ერთი შეხებით, იდეალური ტრაექტორიით გაშვებული ბურთი, რომელსაც ნებისმიერი მასშტაბის ვარსკვლავი უსიტყვოდ მოაწერდა ხელს!
და ხვიჩას პირველი გოლის შემდეგ ნაჩვენები მოძრაობაც, რომელიც მაშინვე აიტაცა მედიამ და სოციალურმა ქსელმა: NBA-ს ვარსკვლავის – სტეფ კარის ჟესტი, რომელიც ასე უნდა გავიგოთ – შენ მშვიდად იძინე, საქმეს აქ მე მივხედავ!
მშვიდად იძინეო?! რა დაგვაძინებს? როგორც არ უნდა ჰგავდეს, სიზმარი სულაც არ არის: მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი სერია ა-ს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის ლიდერად ყალიბდება. ნეაპოლის ცისფერ ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.
ქართველი ვარსკვლავი, რომელმაც დიდ ფეხბურთში დაგვაბრუნა და ნეაპოლის ცისფერ ცას და „ნაპოლის“ ლაჟვარდისფერ მაისურს მიგვაჯაჭვა…
…არ დაიძინო, როცა მოედანზე ვარ. შოუ არ უნდა გამოტოვო!
რა დაგვაძინებს, როცა კვარა მოედანზეა?!
რატი შელეგია





