საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი ბათუმის “დინამოს” დაემშვიდობა.
“უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის “დინამოს”, ჩვენ ერთად დაუვიწყარი წლები გავატარეთ. გვქონდა როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდი მაგრამ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და არასოდეს ვიხევთ უკან.
მინდა “შავი ზღვის მეკობრეებს” (გუნდის ფან-კლუბი) დიდი მადლობა გადავუხადო – თქვენ შეუდარებლები ხართ და ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. მინდა დიდი წარმატება გისურვოთ, დიდი მადლობა ყველას!” – დაწერა 20 წლის მცველმა სოციალურ ქსელში.
აზაროვი კარიერას სერბეთის ყველაზე ტიტულიან კლუბ ბელგრადის “ცრვენა ზვეზდაში” გააგრძელებს, რომელსაც კონტრაქტის პირობებზე შეუთანხდა და მას უახლოეს ხანში ოფიციალურად წარადგენენ.
სერბული მედიის ინფორმაციით ბათუმელები აზაროვში 300000 ევროს მიიღებენ და გარდა ამისა, თუ მომავალში “ცრვენა ზვეზდა” ქართველ მარცხენა მცველს გაყიდის, “დინამოს” ტრანსფერში გადახდილი თანხის 20 პროცენტი ერგება. თავად ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 250000 ევრო იქნება.
აზაროვი თბილისის “დინამოს” აღზრდილია, რომლის შემადგენლობასი 2019-2020 წლებში 12-ჯერ ითამაშა. ის ბათუმის “დინამოში” შარშან გადავიდა და 53 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. მან საქართველოს ნაკრებში 8-ჯერ ითამაშა.





