ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამე ტურში „ზემპლინს“ მოუგო – 3:2. მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტოში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძე დააყენა, რომელიც არ შეუცველია. საქართველოს ეროვნული გუნდის ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა, ხოლო მოქმედი კაპიტანი გურამ კაშია განაცხადში არ იყო.
აღსანიშნავია, რომ ბრატისლაველებმა პირველი ტაიმი 0:2 წააგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ოთხი გოლი გაიტანეს და სამი ქულა ჩაიწერეს. მოქმედ ჩემპიონ „სლოვანს“ 6 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-2 ტურში „ვოლფსბერგერი“ სტუმრად „ალტახს“ დაუზავდა – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერის“ სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო.
ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის პირვე ტურში „ზლინმა“ შინ „მლადა ბოლესლავს“ ვერ მოუგო – 0:0. მასპინძლებში ქართველმა ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.





