იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი პლეი-ოფის ფინალში ზენიცაში ბოსნია-ჰერცეგოვინის ესტუმრა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
მატჩის მე-15 წუთზე ბოსნიელთა მეკარე ვასილიმ თავისი საჯარიმოდან თანაგუნდელის მისამართი ძალიან ცუდი პასი გააკეთა და მეტოქის ნახევარზე ბურთი ნიკოლა ბარელამ ჩაჭრა, ხოლო მოიზე კინმა ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1.
41-ე წუთზე არბიტრმა უხეშობისთვის იტალიელთა მცველ ბასტონის პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. მეორე ტაიმში ბოსნიელების ტერიტორიული უპირატესობის მიუხედადავად, კინს სტუმართა დაწინაურება შეეძლო, როდესაც ბურთი თავის ნახევრიდან წამოიღო და მეკარესთან პირისპირ გასულმა კარს გადააციალ.
სერგი ბარბარესის შეგირდების სტუმართა საჯარიმოში ბურთის გაუთავებელმა ჩაწოდებამ შედეგი 79-ე წუთზე მოიტანა, როდესაც ედინ ჯეკომ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო ტაბაკოვიჩმა ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა. ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და დამატები 30 წუთი დაინიშნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა. პენალტების სერია იტალიამ ძალიან ცუდად შეასრულა და ბოსნიამ 4:1 გაიმარჯვა.
ბოსნიელები არსებობის მანძილზე მუნდიალზე მეორედ ითამაშებენ – მათ პირველად ეს 2014 წელს ბრაზილიაში მოახერხეს. ბალკანელები მომავალ ტურნირში B ჯგუფში შვეიცარიასთან, კანადასთან და კატართან ერთად იასპარეზებენ.
იტალიის ნაკრები თავის ისტორიაში მუნდიალის გარეშე მეოთხედ დარჩა. პირველად „სკუადრა აძურა“ ფინალურ ეტაპზე 1958 წელს ვერ გავიდა, ხოლო შემდეგ 2018, 2022 და 2026 წლებში.
თურქეთის ნაკრები პლეი-ოფის ფინალში სტუმრად კოსოვოს დაუპირისპირდა და 1:0 სძლია. თურქებიდან ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე აკტურკოღლუმ გაიტანა. თურქეთი მუნდიალზე 24-წლიანი პაუზის მერე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





