ჩეხეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი 20-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონაზე იასპარეზებს. პლეი-ოფის ფინალში მიროსლავ კოუბეკის გაწვრთნილმა გუნდმა პრაღაში დანია მიიღო და თერთმეტმეტრიანებით აჯობა.
შეხვედრის მე-3 წუთზე შულცმა სტუმართა საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. 72-ე წუთზე დამსგარდმა ჯარიმის შესრულების დროს ბურთი ჩეხების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ანდერსენმა კარიდან გამოსულ კოვარს დაასწრო და თავით გაიტანა.
ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. მე-100 წუთზე ჩეხების შეტევის დროს, კრეიჩი დანიელთა საჯარიმოში სიტუაციაში კარგად გაერკვა და ახლო მანძილიდან თავისი გუნდი დააწინაურა. 111-ე წუთზე დრეიერმა კუთხური ჩააწოდა და ჰოგმა თავით ანგარიში გაათანაბრა – 2:2 ჩეხებმა პენალტების სერიაში 3:1 მოიგეს.
ჩეხეთი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე A ჯგუფში მექსიკასთან, სამხრეთ აფრიკასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად ითამაშებს.
შვედეთმა შინ პოლონეთს 3:2 აჯობა. მატჩის მე-19 წუთზე მასპინძლებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და საჯარიმოში აუარიმ ქუსლით პასი ელანგას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:0. 33-ე წუთზე ზალევსკიმ მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:1.
44-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესულების დროს ნუგრენმა ბურთი მეტოქის კარის ახლო ძელთან ჩააწოდა და ლაგერბიელკემ თავით შეაგდო – 2:1. 55-ე წუთზე ზალევსკის გადაცემით ანგარიში სვიდერსკიმ გაათანაბრა. 88-ე წუთზე შვედების ხანგრძლივი შეტევა გოლით დიოკერეშმა დაასრულა და თავისი გუნდი მუნდიალზე გაიყვანა.
სკანდინავიელები F ჯგუფში ნიდერლანდებთან, ტუნისთან და იაპონიასთან ერთად ითამაშებენ.
მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ორი მონაწილე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ერაყი არიან. პლეი ოფის ფინალში კონგოლებმა შინ იამაიკას 1:0 სძლიეს, ხოლო ერაყელებმა თავის კედლებში ბოლივიას 2:1 აჯობეს.
ლაშა თაბაგარი





