ნგოლო კანტე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 34 წლის ნახევარმცველმა სტამბოლის „ფენერბაჰჩესთან“ კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა.
ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან მანამდე საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადთან“ კონტრაქტი შეწყვიტა. კანტე „ალ-იტიჰადში“ 2023 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 107 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
კანტე კარიერის განმავლობაში ასევე „ბულონში“, „კაენში“, „ლესტერში“ და „ჩელსიში“ თამაშობდა. მან „ლესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონატი მოიგო. კანტემ „ჩელსის“ შემადგენლობაში პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ის საფრანგეთის ნაკრებში 2016 წლიდან გამოდიოდა და 65 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა. კანტემ „სამფეროვანებთან“ ერთად მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატში გაიმარჯვა, ხოლო 2021 წელს ერთა ლიგაში ოქროს მედლები მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი





