კვარაცხელია და პსჟ თასის გათამაშებას გამოეთიშნენ

0
4

საფრანგეთის თასის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე დიდი სენსაცია „პარკ დე პრენსზე“ მოხდა, სადაც 1/16-ფინალში პსჟ თანაქალაქელ „პარიზთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ორივე გუნდში საუკეთესოდ გამოიყურებოდა, ვიდრე 64-ე წუთზე შეცვლიდნენ. უდავოა, რომ მისი მოედანიდან ნაადრევად გაყვანა მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს შეცდომა აღმოჩნდა.
მატჩის დასაწყისში კვარაცხელიამ მოედანის ცენტრში სამ მეტოქეს გაცდა და კარგი პასი მისცა საჯარიმოში ბარკოლას, რომელსაც ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა შეეძლო, მაგრამ არაზუსტი პასი გააკეთა. პირველი ტაიმის მიწურულს ბარკოლამ საჯარიმოში კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ კვარაცხელიამ ვარდნაში მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა ბურთი, რომელიც გონსალუ რამუშს მიუვიდა, ამ უკანასკნელის საჯარიმოს გარედან დარტყმულს მეკარე გადაეღობა. არადა, რამუშს შეეძლო ბურთის დაბრუნება იმავე საჯარიმოში მარტო მყოფი კვარაცხელიასთვის. შეცვლამდე ცოტა ხნით ადრე, კვარაცხელიამ მეკარესთან პირისპირ ზაირ-ემერი დატოვა, რომლის დარტყმული ბურთი ნკამბადიომ ფეხით მოიგერია.
კვაარცხელიას ნაცვლად თამაშში უსმან დემბელე ჩაერთო. ქართველის მოედნიდან გასვლიდან ცოტა ხანში, ბარკოლა მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა. 74-ე წუთზე „პარიზის“ ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევის დროს, კებალმა პსჟ-ს საჯარიმოში იკონე მოძებნა, რომელსაც დარტყმაში ხელი ზაბარნიმ ვერ შეუშალა და ანგარიში გაიხსნა – 0:1.
შეხვედრის მიწურულს პსჟ-მ კუთხური ჩააწოდა და ზაბარნის თავურის მერე, ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში დეზირე დუემ ახლო მანძილიდან თავით ვერ გაიტანა. საბოლოოდ, პსჟ არსებობის ისტორიაში „პარიზთან“ პირველად დამარცხდა.
ლუის ენრიკეს მწვრთნელობის პერიოდში პსჟ-მ შიდა არენაზე ტიტულის მოგების შანსი ხელიდან პირველად გაუშვა
ლაშა თაბაგარი