გოგას ორმაგი დუბლი – ბითაძემ ფაჩულიას გაასწრო…

0
14

გოგა ბითაძის რეალური სახე არის ასეთი: 14 ქულა, 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება, ერთი შედეგიანი გადაცემა, ნული დაკარგვა. “ორლანდო მეჯიქის” ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მისმა გუნდმა “ნიუ ორლეანი” 128:118 დაამარცხა. ეს გახლდათ პირველი ორმაგი დუბლი ქართველი ცენტრისთვის ამ სეზონში, რომელსაც სათამაშო დრო არ ეძლევა საიმისოდ, რომ თავი გამოიჩინოს.
ასე იყო წინა სეზონში, როცა ძირითადმა ცენტრმა, ვენდელ კარტერმა ტრავმა მიიღო, მისი ადგილი ხუთეულში გოგამ დაიკავა და “ორლანდომ” თამაშების 90 პროცენტი მოიგო – ბითაძე კი საშუალოდ ორმაგ დუბლს ასრულებდა. დაბრუნდა კარტერი და გოგამ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
მიმდინარე სეზონში გოგას სათადარიგოთა სკამიდან უწევს თავის გამოჩენა და ბოძებულ 15-18 წუთს ხან იყენებს ყაირიათიანად და ხანაც – ვერა. კარტერმა ტრავმა მიიღო, გოგამ პირველად ითამაშა 30 წუთზე მეტი და შედეგიც სახეზეა. კარტერის ტრავმა არ არის სერიოზული: მარჯვება ბარძაყი აქვს დაჭიმული და ნიუ ორლეანთან მისი თამაში სათუო იყო.
და კიდევ ერთი დეტალი. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველთაგან ყველაზე მეტი დაფარება გოგა ბითაძეს აქვს. საქართველოს ნაკრების მეფარემ რეგულარული პირველობის 355 მატჩში 380 დაფარება შეასრულა და ორი პოზიციით გაასწრო ზაზა ფაჩულიას. ამ უკანასკნელმა 1098 შეხვედრაში მეტოქეებს 378-ჯერ დაუფარა.
მომდევნო შეხვედრას „ორლანდო“ 15 იანვარს „მემფისთან“ გამართავს. მატჩი ბერლინში ჩატარდება.