გოჩოლეიშვილმა მეორე წრე მარცხით დაიწყო, ზივზივაძე ისევ ტრავმირებულია

0
4

„ჰამბურგმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, ახალი წელი მარცხით დაიწყო. მე-16 ტურში ჰამბურგელები „ფრაიბურგს“ ეწვიენ და მიუხედავად იმისა, რომ იგებდნენ, საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის 48-ე წუთზე სტუმრები ვუშკოვიჩმა დააწინაურა, ხოლო სამ წუთში ელფადლი მეორე ყვითელი ბარათის მიღებისთვის გააძევეს. 53-ე წუთზე გრიფომ პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე „ჰამბურგის“ კარი მატანოვიჩმა აიღო და ამ გოლმა მასპინძლებს გაამარჯვებინა. „ჰამბურგი“ 16 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სახლში „კიოლნს“ დაუზავდა – 2:2. ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდს ტრავმის გამო ისევ არ უთამაშია. „ჰაიდენჰაიმი“ შეხვედრის მსვლელობის დროს ორჯერ წინ იყო, თუმცა, მხოლოდ ქულა აიღო. „ჰაიდენჰაიმი“ 12 ქულით ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი