საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ერევნის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მოლდოვა 5:1 დაამარცხა.
მოლდოვასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გიორგი ღავთაძის გოლით დაწინაურდა. მოლდოველთა ავტოგოლის შემდეგ კი, სხვაობა ორბურთიანი გახდა. მე-16 წუთზე, გიორგი ღავთაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო არჩილ სებისკვერაძემ მეოთხე გოლი გაიტანა მოლდოველთა კარში. მატჩის საბოლოო ანგარიში ნიკოლოზ გაბრიჩიძემ დააფიქსირა მე-40 წუთზე გატანილი გოლით.
მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 დეკემბერს, მასპინძელი სომხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ტურნირის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც საქართვლეოს ნაკრებს ყირგიზეთის წინააღმდეგ 21 დეკემბერს უნდა ჩაეტარებინა, აღარ გაიმართება. ყირგიზეთის ნაკრები სომხეთის დედაქალაქში უამინდობის გამო დაგვიანებით ჩავიდა.
საქართველო 5:1 მოლდოვა
დეკემბრის ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ნაწილია. ევრო 2026 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი:
21 იანვარი | ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი | ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)
28 იანვარი | საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)
ლაშა თაბაგარი





