პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს თქმით, მისი გუნდის მიზანია, რომ გამარჯვება გააგრძელოს და თავისი საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს. მან ამის შესახებ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიის „ფლამენგოსთან“ პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პარიზელებიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
„გულწრფელად გეტყვით, რომ „ფლამენგოს“ წინააღმდეგ ძალიან კარგი მატჩი ვაჩვენეთ. ძალიან რთული იყო, მაგრამ ფეხბურთელების თამაშის ხარისხი და მენტალიტეტი სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდა. ასეთი სულისკვეთების ნახვა ნამდვილი სიამოვნება გახლდათ. ძალიან მაღალი დონის პირველი ტაიმი ჩავატარეთ – თამაშს ვაკონტროლებდით, პრესინგიც გამოგვდიოდა, მაგრამ ჩვენს პენალტის დანიშვნის შემდეგ, თამაში უფრო დაბალანსებული და რთული გახდა. მინდა მივულოცო „ფლამენგოს“ არა მხოლოდ დღევანდელი მატჩი, არამედ, სეზონი.
ექვსი ტიტული ცუდი არაა. ჩვენთვის დოჰაში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ჩვენ ყოველ ჯერზე როდესაც აქ ჩამოვდივაღ ბედნიერები ვართ. ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ მომავალ წელს ჩვენს მაისურზე კიდევ ერთი ვარსკვლავი განჩდება.
იმავე განწყობა ვაჩვენეთ, როგორც გასულ სეზონში. შვებულებამდე საფრანგეთის თასზე ერთი მატჩის ჩატარება დაგვრჩა. ამის შემდეგ ჩვენი მიზანი იგივე რჩება – გამარჯვება გავაგრძელოდ და საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს Canal Supporters.
პსჟ-ს თავკაცი ლუის ენრიკე ფეხბურთის ისტორიაში მესამე მწვრთნელია, რომელმაც კალენდარული წლის განმავლობაში 6 ტიტული მოიპოვა. მანამდე, იმავე შედეგს პეპ გვარდიოლამ „ბარსელონაში“ მუშაობის დროს მიაღწია, ხოლო ჰანსი ფლიკმა – მიუნხენის „ბაიერნში“.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გოლი გაიტანა და ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 5 ტიტული მოიპოვა. საკონტინენთაშორისო თასის დაუფლებამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატში, საფრანგეთის თასზე, ჩემპიონთა ლიგაში და ევროპის სუპერთასზე გაიმარჯვა. კვარაცხელია ჩვენი ეროვნული გუნდის ექსკაპიტან კახა კალაძის შემდეგ, მეორე ქართველია, რომელმაც საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. კალაძემ ეს ტიტული „მილანის“ მაისურით მოიგო.
ლაშა თაბაგარი





