ქეცბაია კვიპროსში ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

0
3

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ თავკაცი თემურ ქეცბაია კვიპროსულმა სატელევიზო არხმა Cabelnet-მა ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. ეს არხი კვიპროსის მწვრთნელთა ასოციაციასთან თანამშრობლობს და საქართველოს ექსთავკაცი კოლეგებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოარჩიეს.
ქეცბაიას ხელმძღვანელობით „ანორთოსისმა“ ნოემბერში 2 თამაში მოიგო და ამდენივე ფრედ დაასრულა. ფამაგუსტელებს გასულ უქმეებამდე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ, რომელიც გასულ უქმეებზე არადიპოუს „ომონიასთან“ სტუმრად 0:1 წაგების შემდეგ შეწყდა.
„ანორთოსისს“ 13 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა. 57 წლის ქეცბაია ფამაგუსტურ გუნდში მიმდინარე წლის 8 სექტემბერს დაბრუნდა. ის „ანორთოსისს“ სათავეში მესამედ ჩაუდგა. მანამდე, ქეცბაია კვიპროსულ გუნდს 2004-2009 და 2019-2022 წლებში ავარჯიშებდა. მან „ანორთოსისს“კვიპროსის ჩემპიონატი და კვიპროსის თასი ორჯერ, ხოლო სუპერთასი ერთხელ მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით „ანორთოსისი“ პირველი კვიპროსული გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი