თბილისის „სპაერმა“ საწადელი აისრულა და მესამე ცდაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა. 2022 და 2023 წლებში თბილისელები პლეი-ოფში დამარცხდნენ, მაგრამ ამჯერად ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით ორი მატჩის ჯამში საგარეჯოს „გარეჯს“ აჯობეს,
„სპაერმა“ პირველ მატჩში სტუმრად „გარეჯს“ 2:0 აჯობა და მართალია, საპასუხო შეხვედრაში შინ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ეს ელიტაში აღზევებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
„სპაერის“ საშინაო სტადიონზე ჩატარებული შეხვედრის 28-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა საბა მაისურაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მცველს ზაქარია ბასილაშვილმა აჯობა და ერთი შეხებით გაიტანა. 53-ე წუთზე ლევან პაპავამ, რომელიც თავის დროზე „სპაერის“ ბომბარდირი იყო, პენალტიდან ერთი ბურთი გაქვითა. 56-ე წუთზე საგარეჯოელთა მცველმა საბა კამლაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 63-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა თბილისელთა კარში მეორე თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ისევ პაპავამ გამოიყენა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და 2017 წელს დაარსებული „სპაერი“ ქართული ფეხბურთის ელიტაში პირველად აღზევდა. გასულ წელს კიღურაძის შეგირდებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგეს. გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „გარეჯი“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს. გამომდინარე იქიდან, რომ „თელავიც“ გავარდა, მომავალ წელს კახეთის რეგიონს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წარმომადგენელი არ ეყოლება/
ლაშა თაბაგარი





