ბათუმის „დინამომ“, რომელსაც გიორგი ჭიაბრიშვილი წვრთნის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის ბოლო ტურში ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.
მატჩის მე-7 წუთზე ლუკა ქაფიანიძემ თავისი ნახევრიდან გრძელი პასი გაუკეთა ლევან ხოზრევანიძეს, რომელიც მცველს გაექცა და დაახლოებით 18 მეტრიდან ძლიერად დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს შეეხო, რის მერე კარში აღმოჩნდა – 1:0.
21-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძე ფოთელთა ნახევარზე ჩაჭრა ბურთი და საჯარიმოში გიორგი კოხრეიძეს გადააწოდა, რომელმაც ბექა ბარამიძე მოძებნა, ეს უკანასკნელი კი ერთ მცველს გაცდა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 2:0.
39-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმა ორიგინალურად გაითამაშეს და რევაზ ჩიტეიშვილის გადაცემა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა გურამ ჯაფარიძემ გოლად აქცია – 3:0. 53-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა კუთხური ჩააწოდა და „დინამოს“ საჯარიმოში ყველას გიორგი კვურკველიამ დაასწრო, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში თავი გამოიჩინა – 3:1.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა გიორგი ხარებავამ ზუსტი პასი კარის წინ მდგომ ნიკოლას-ნიკა კაპანაძეს გაუკეთა, რომელმაც თავით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო დავით კვირკველიას დამოძღვრილი „კოლხეთი“, რომელიც 22 ქულით ბოლო ადგილზეა, მომავალ სეზონს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში გაატარებს.
ლაშა თაბაგარი





