ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფაზის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მეორე საგოლე პასი შეასრულა. ამის გარდა, ამ ტურნირზე მის ანგარიშზე 2 გოლია. მე-5 ტურში პარიზელებმა ლონდონის „ტოტენჰემი“ მიიღეს და 5:3 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის 35-ე წუთზე მეტოქის კართან ახლოს მდგომმა რიშარლისონმა კოლო მუანის თავით გასკეთებული პასი გამოიყენა და თავურით ანგარიში გახსნა. 45-ე წუთზე ვიტიანიამ დაახლოებით 22 მეტრიდან შეუჩერებელი დარტყმით ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.
50-ე წუთზე „ტოტენჰემმა“ კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა რიშარლისონმა მოიგო, ხოლო კოლო მუანიმ მეკარეს დაასწრო და თავისი გუნდი დააწინაურა. 53-ე წუთზე კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ, ვიტინია ინგლისელთა საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და ბურთი კარის ბადეში გაახვია.
59-ე წუთზე პარიზელებმა მაღალი პრესინგის წყალობით „ტოტენჰემის“ ფეხბურთელს ბურთი მისსავე მოედანზე აართვეს და ნევეშის პასი გოლად ფაბიან რუისმა აქცია. 65-ე წუთზე პსჟ-ს ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ლონდონელთა საჯარიმოში მცველების ცუდი თამაშით პაჩომ ისარგებლა და ანგარიშში სხვაობ ორ ბურთამდე გაზარდა.
73-ე წუთზე კოლო მუანი მასპინძლების საჯარიმოში ორ მცველს გაექცა და შევალიეს კარი აიღო. 76-ე წუთზე ვიტიანიას დარტყმის შემდეგ, „ტოტენჰემის“ საჯარიმოში ბურთი ხელში რომეროს მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ვიტინიამ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. პსჟ-მ თამაში ათი ფეხბურთელით დაამთავრა, რადგან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ლუკა ერნანდესი გააძევეს.
პსჟ 12 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. პარიზელები ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი





