კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში „გაგრამ“ შინ საგარეჯოს „გარეჯს“ 4:1 აჯობა. შეხვედრის მე-14 წუთზე მასპინძლების შეტევის დროს, მეტოქის ნახევარზე მყოფმა საბა ზოიძემ მარცხენა ფლანგიდან ძალიან კარგი პასი გაუკეთა საჯარიმოში გახსნილ გიორგი ხარებაშვილს, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:0. 37-ე წუთზე რატი არდაზიშვილი საგარეჯოელთა საჯარიმოში მარცხენა ფრთიდან შეიჭრა და დავით მუჯირი მოძებნა, რომელმაც მიწაზე დაუშვებლად ბურთი კარში გადაგზავნა – 2:0.
მე-60 წუთზე მათე ცინცაძემ დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:0. 76-ე წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ „გარეჯის“ საჯარიმოში დავით გოცირიძე მოძებნა, რომელმაც ბურთი მკერდით მიიღო და გიორგი გაბაძის ჩამოცილების შემდეგ, ლუკა კუტალაძის კარი აიღო – 4:0. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე სტუმართა ნახევარზე მყოფმა ნიკოლოზ გალახვარიძემ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა და ლუკა თოლორდავამ თავით შეაგდო – 4:1.
„გაგრამ“, რომელსაც სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩი წვრთნის 43 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა მომავალ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაში გაინაღდა. გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „გარეჯს“ 34 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





