პოგბა: „ჩემთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე სიტყვებით შემიძლია გადმოვცე“

0
6

პოლ პოგბამ დოპინგის სკანდალისა და ტრავმით გამოწვეული იძულებითი 881-დღიანი შესვენების შემდეგ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში „მონაკოს“ შემადგენლობაში სტუმრად „რენთან“ 1:4 წაგებულ შეხვედრაში ითამაშა. საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელიც მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა, ფეხბურთში დაბრუნება ასე შეაფასა:
„დაუვიწყარი საღამო იყო. ორწლიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება ჩემთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე სიტყვებით შემიძლია გადმოვცე. მადლობა გულშემატკივრებს სიყვარულისთვის, ენერგიისთვის და რწმენისთვის.
უზომოდ მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც გვერდით დამიდგა და დამეხმარა ამ გზის თითოეული მომენტი გამევლო. ეს დებიუტი მხოლოდ ჩემი არ იყო. ის თითოეულ თქვენგანს ეკუთვნოდა, ვინც ყოველთვის მხარს მიჭერდა“ – დაწერა პოგბამ თავის სოციალურ ქსელში.
32 წლის ნახევარმცველმა მონაკოელებს თავისი ბედი 2027 წლის ივნისამდე დაუკავშირა.
2023 წლის 11 სექტემბერს იტალიის სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზესთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, პოგბას სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა გაზრდილი იყო. განმეორებითმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. პოგბას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ანტისადოპინგო წესის დარღვევისთვის.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის მომგები და ფინალში ხორვატიასთან გოლის გამტანმა ფეხბურთელმა ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოში წარმატებით გაასაჩივრა და 4-წლიანი დისკვალიფიკაცია 18 თვემდე შეუმცირეს.
ლაშა თაბაგარი