საქართველოს ნაკრების ფორვარდის სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორზმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა შინ „ვაშინგტონ უიზარდსთან“ ჩაატარა და ოცდაათქულიანი სხვაობით, 140:110 იმარჯვა.
ნბა-ში კანადის წარმომადგენლის რიგებში ქართველმა 21 წუთი ითამაშა და ოქტომბრის მიწურულს დაწყებულ ახალ სეზონში ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა – 23 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა.
ტორონტოელებმა მიჯრით მეექვსედ იმარჯვეს. “ქვეწარმავლებს”სადღეისოდ 11 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი უკავიათ. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 24 ნოემბერს „ბრუკლინ ნეთსთან“ ჩაატარებს.
მამუკელაშვილს ტორონტოში კარგი პრესა აქვს და გულშემატკივართან ერთად, მედიაც მისთვის მეტ სათამაშო დროს ითხოვს. სანდრო კანადის კლუბში თავის შანსს და შესაძლებლობებს კარგად იყენებს, დედაქალაქელებთან მატჩის შემდეგ კი ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
„ტორონტოში თავს კომფორტულად ვგრძნობ. მსურს, საკუთარი ძლიერი მხარეები სრულად გამოვავლინო, რაშიც თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან. ჩემი კარიერა სწორი გზით ვითარდება. მწვრთნელი დარკო რაიკოვიჩი გამარჯვებებისთვის დამატებით მოტივაციას გვაძლევს.
მიმდინარე სეზონში სანდრო მამუკელაშვილი „ტორონტოს“ რიგებში ასპარეზობისას საშუალოდ 10.1 ქულას, 3.7 მოხსანა და 2 შედეგიან გადაცემას აგროვებს.





