საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში – შენგელია უკრაინასთან არ იქნება

0
10

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო. აღნიშნული ტურნირი 2 ეტაპიანია და 2 წლის მანძილზე გრძელდება. მის ფორმატს ქვემოთ გაგაცნობთ, ახლა კი ეროვნული გუნდის პირველ ვარჯიშზე ვთქვათ, რომელიც დღეს, თბილისი არენაზე, 11:00 საათზე დაიწყო და 2 საათს გასტანა.
სანაკრებო ფანჯარა ოფიციალურად, ფიბა-ს დადგენილი წესებით 25 ნოემბრიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბებს, თუკი ამ თარიღამდე თამაში აქვთ, შეუძლიათ მოთამაშე არ გამოუშვან და ეს ასეც არის. უმეტეს ქვეყნებში, სადაც ჩვენები თამაშობენ, ტურის მატჩები შაბათ-კვირასაა და შესაბამისად – გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი, გიორგი კორსანტია და თად მაკფადენი ნაკრებში 24-25 ნოემბერს ჩამოვლენ.
თორნიკე შენგელიას თემა სულ სხვაა. მისი კლუბი, ბარსელონა, ევროლიგაში თამაშობს, რომელიც 26 ნოემბერს ფრანგულ ვილერბანს მასპინძლობს. ანუ ეს თამაში რომ დაიწყება, ნახევარ საათში საქართველოში უკვე უკრაინასთან მატჩის დღე, 27 ნოემბერი დადგება, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელს ხდის ჩვენი ნაკრების კაპიტნის თბილისში თამაშზე ჩამოსვლას.