შესარჩევი სოფიაში წაგებით დავასრულეთ

0
9

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 3 ქულით და E ჯგუფში მესამე ადგილით დაასრულა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ბოლო შეხვედრაში სოფიაში 1:2 დამარცხდა ბულგარეთთან, რომელსაც პირველ მატჩში თბილისში 3:0 აჯობა. აწ უკვე დასრულებულ შესარჩევში ჩვენმა გუნდმა ერთი თამაში მოიგო და ზედიზედ ხუთი წააგო – 7 გოლი გაიტანა და 15 გაუშვა.
საქართველოს ნაკრების დაცვის ცენტრში გურამ კაშია და ლუკა ლოჩოშვილი დაწყვილდნენ, მარჯვენა მცველად გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობდა, მარცხენა – გიორგი წიტაიშვილი. ნახევარდაცვის ცენტრში ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი მოქმედებდნენ. მარჯვენა გარემარბის პოზიცია ზურიკო დავითაშვილს ეკავა, ხოლო მარცხენა – ხვიჩა კვარაცხელიას.  თავდასხმაში ხვიჩა კვარაცხელია და ბუდუ ზივზივაძე მოქმედებდნენ.
მატჩის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა მექვაბიშვილმა დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. მე-10 წუთზე ლოჩოშვილმა თავის ნახევარზე ცუდი პასი გაუკეთა გოჩოლეიშვილს და ბურთი დიმიტროვმა ჩაჭრა, რომელიც საჯარიმოში ლოჩოშვილს გაექცა, რის შემდეგ პასი რუსევს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი „მაკრატელათი“ ანგარიში გახსნა.
21-ე წუთზე კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და დაახლოებით 20 მეტრიდან ძალიან სახიფათოდ, მაგრამ ცოტა არაზუსტად დაარტყა. 24-ე წუთზე დიმიტროვი მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა და ბულგარელის დარტყმული ბურთი ჩვენმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ საჯარიმოში გრუსტევს მიუვიდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობ კიდევ უფრო გაზარდა.
31-ე წუთზე სანიოლმა საყრდენი ნახევარმცველი მექვაბიშვილი შეცვალა და თავდამსხმელი გიორგი ქვილითააია შეიყვანა. მოედანზე შესვლიდან ცოტა ხანში ქვილითაიას თავის გამოჩენის შანსი ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით 20 მეტრიდან ბურთი კარს გადააცილა. ამის შემდეგ, წიტაიშვილმა კუთხური ჩააწოდა და კაშიამ ახლო მანძილიდან მარცხენა ფეხით ბურთი კარს ააცილა, გაუშვა რა ხელიდან ერთი გოლის გაქვითვის რეალური შანსი.
ტაიმის მიწურულს დავითაშვილი შეტევის მარჯვენა ფლანგზე მცველს გაექცა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ზივზივაძემ თავით არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში წიტაიშვილმა კუთხური ჩააწოდა და კაშიას თავურის მერე, მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. 52-ე წუთზე გოოჩლეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ქვილითაია მოძებნა, რომელმაც ვარდნაში სახიფათოდ დაარტყა და მიტოვმა ბულგარელები გოლის გაშვებას გადაარჩინა. მეორე ტაიმის შუაწელში დავითაშვილმა მეტოქის საჯარიმოს წინ ბურთი ერთი შეხებით გაისწორა და დაარტყა, მაგრამ კარს გადააცილა. 88-ე წუთზე გიორგი აბუაშვილის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ლოჩოშვილმა თავით დაარტყა და ქვილითაიას მკრედზე მოხვდა ბურთი, რომელიც ისევ ლოჩოშვილს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი უკვე ფეხით ახლო მანძილიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
ჯგუფში პირველ ადგილზე ესპანეთი გავიდა, რომელიც ბოლო შეხვედრაშინ შინ თურქეთს დაუზავდა (2:2) და 16 ქულა დააგროვა. თურქეთმა 13 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა, ხოლო ბულგარეთი 3 ქულით ბოლოა, რადგან საქართველოს გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩა.
ბულგარეთი – საქართველო 2:1 (2:0)
18 ნოემბერი. სოფია. ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონი.
ბულგარეთი:
მიტოვი, გეორგიევი, კრისტიან დიმიტროვი, ველკოვი, პეტროვი, გრუევი, სტოიანოვი (შოპოვი, 76), კრასტები, რუსევი (მინჩევი, 76), დესპოდოვი (კ) (პეტკოვი, 60), ზდრავკო დიმიტროვი (ნიკოლოვი, 60).
მთავარი მწვრთნელი:
ალექსანდრ დიმიტროვი.
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, კაშია (კ), კიტეიშვილი, წიტაიშვილი, მექვაბიშვილი (ქვილითაია, 31), ქოჩორაშვილი, დავითაშვილი (გულიაშვილი, 76), ზივზივაძე, კვარაცხელია.
მთავარი მწვრთნელი:
ვილი სანიოლი.
გოლები: 1:0 რუსევი (10), 2:0 კრასტევი (24), 2:1 ლოჩოშვილი (88)
გაფრთხილება:
კიტეიშვილი (30), ქვილითაია (45+1)
მთავარი მსაჯი:
იაკობ კეჰლეტი (დანია)
ლაშა თაბაგარი