საქართველო ფიფას ტალანტების განვითარების სქემაში ჩაერთვება

0
2

საქართველო ფიფას პროგრამაში – ტალანტების განვითარების სქემაში FIFA TDS ჩაერთვება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თბილისსა და ქუთაისში  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ფიფას ტალანტების განვითარების სქემის რეგიონალური კოორდინატორი მარიანს პაჰარსი და ფიფას ტალანტების აღმოჩენის გლობალური ხელმძღვანელი სტეფენ მოროუ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფიფას წარმომადგენლებს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ტექნიკურმა დირექტორმა გოჩა თამაზაშვილმა უმასპინძლეს.
ფიფას წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ სფფ-ის ქუთაისის აკადემიას, სადაც 2026 წლიდან ფიფას ტალანტების განვითარების პროგრამა ამოქმედდება. საწვრთნელი პროცესი ფიფას მიერ შერჩეული მწვრთნელის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით ჩატარდება. ქუთაისის აკადემიაში სტუმრები შეხვდნენ ადგილობრივ მწვრთნელებსა და სკაუტებს და მოისმინეს სფფ-ის აკადემიების სპორტულის მიმართულების ხელმძღვანელის, ზვიად ჯელაძის პრეზენტაცია არსებული მდგომარეობისა შესახებ.
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის რეგიონალური კოორდინატორის, მარიანს პაჰარსის პირველი სამუშაო ვიზიტი საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოში შედგა. სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროექტში საქართველოს ჩართვის შესახებ.
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის პროექტის ხელმძღვანელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი არსენ ვენგერია, რომელიც ამჟამად ფიფას ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობს.