ვილი სანიოლი: “შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება”

0
8

მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.
17 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა.
ვილი სანიოლი: „გვსურს, საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი თამაშით დავასრულოთ. იგივე მიზანი აქვს ბულგარეთის ნაკრებსაც. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია და ორივეს ბევრი აქვს დასაკარგი.
ხვალ ოფიციალური, მნიშვნელოვანი თამაშია, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. მოგება გვსურს და ამისთვის კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მიუხედავად მარცხისა, იგივე ამბიციით უნდა ვითამაშოთ ბურთით, როგორც ეს ესპანეთთან გავაკეთეთ. სამომავლოდ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოვიყენებთ ბურთს.
მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ მომდევნო ერთა ლიგისთვის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ამისთვის თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მარტში და ივნისში ამხანაგურ თამაშებს ჩავატარებთ, თუმცა ამ მატჩებს ოფიციალურ თამაშებად აღვიქვამ. ეს არის ერთადერთი გზაა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ ოფიციალურ თამაშებს. თითოეულ შეხვედრას სრული სერიოზულობით და მაქსიმალური მოტივაციით უნდა მივუდგეთ“.
ოთარ კიტეიშვილი: „საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე განსხვავებული მოლოდინები გვქონდა, თუმცა არსებული მდგომარეობა დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. განსაკუთრებით ამ შეკრებაზე იგრძნობა, რომ ერთი მიზანი გვაქვს — დავბრუნდეთ წარმატებულ გზაზე. გუნდის თითოეული წევრი მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მიზნის მისაღწევად.
გიორგი ჩაკვეტაძე განსაკუთრებული ფეხბურთელია. კარიერის დასაწყისში, “დინამოს” შემადგენლობაში, ერთად გვიწევდა თამაში და კარგად ვიცით ერთმანეთის თვისებები. ტრავმები ფეხბურთის ნაწილია და სამწუხაროდ ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძე უდიდესი დანაკლისია და ყველას გვინდა, რომ ჩვენთან ერთად იყოს, თუმცა გუნდში გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან მოედანზე მაქსიმუმი გამოავლინონ და წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობა“.
საქართველოს ნაკრები 3 ქულით F ჯგუფში მესამე ადგილზეა, ხოლო უქულო ბულგარეთი ბოლო. 18 ნოემბერს ჯგუფის ლიდერი ესპანეთი (15 ქულ) მეორე ადგილზე მყოფ თურქეთს (12 ქულა) უმასპინძლებს.
ბულგარეთი-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და საქართველოს პირველი არხის ეთერით გადაიცემა.
ლაშა თაბაგარი