საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა მთავარი მწვრთნელია რამაზ სვანაძის განცხადებით, ყოველი შესარჩევი ციკლის წინ ახალი გუნდის შენება ძნელია, რადგან ყოველთვის ერთი და იმავე დონის თაობა ვერ გეყოლება. მან ამის შესახებ ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე F ჯგუფში ხვალ “მიხეილ მესხზე” გერმანიასთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ნახევარმცველი ნიკოლოზ დადიანიც დაესწრო.
რამაზ სვანაძე: “გერმანია ერთ-ერთი საუკეთესოა. ძლიერ ნაკრებებთან ადრეც გვითამაშია და გუნდური სულისკვეთების ხარჯზე შედეგს მივაღწიეთ. ვცდილობთ, ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად ვიყოთ. წინა მატჩში ბევრი რაღაც გამოცდილებამ გადაწყვიტა.
რა თქმა უნდა რთულია, თუმცა ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ის სპეციფიკა, რომელიც 21-წლამდე ნაკრებს ახლავს. რეალურად აქ ყოველთვის ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ძირითადი მიზანია ეროვნული ნაკრებისთვის მოვამზადოთ ფეხბურთელები. მეორე მიმართულებაა სპორტული შედეგი. ეს არის რთული სამუშაო, რადგან ყოველ ორ წელში გყავს ახალი გუნდი, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა მოამზადო. ეს ყველაფერს ართულებს, რთული იყო ისიც, რომ ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით, ახლა თუ ვერ გავალთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყურები უნდა ჩამოვყაროთ. ყოველთვის ერთი და იმავე დონის თაობა ვერ გეყოლება. ამ მხრივ გამონაკლისი ესპანეთია. მესმის, რომე ინდივიდუალურად გამოკვეთილი ფეხბურთელები არ გვყავს, მაგრამ ვცდილობთ ყველას შესაძლებლობა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს სურვილი, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მივაღწიოთ შედეგს, რომელიც გვსურს.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დიდი ხანია 3 მცველით არ უთამაშია, კარგა ხანია 4 მცველით ვთამაშობთ, თუმცა, შეიძლება იყოს კონკრეტული მატჩები, რომელშიც შეიძლება 3 მცველს დავუბრუნდეთ, ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული – მეტოქეზე, ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს განკარგულებაში არიან. ანალოგიური მიდგომაა ეროვნულ ნაკრებშიც, არსებობს ერთი ძირითადი მიმართულები, ესაა გააზრებული და ნაფიქრი გადაწყვეტილება.
მაქაცარია უთამაშებელი იყო და ამიტომ, ბერუაშვილით შეცვალეთ, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა აქვს. ჩვენი ერთ-ერთი მინუსი შექმნილი საგოლე მომენტების გამოუყენებლობაა, რაც განვლილ მატჩებში გამოჩნდა.
მოტივაციას რაც შეეხება, რა უნდა იყოს ფეხბურთელზე იმაზე კარგი, როცა ასეთი დონის მეტოქესთან გიწევს თამაში. საკუთარი თავის წარმოჩენის უდიდესი სურვილი უნდა იყოს და დიდი შანსია, რომ მათ გამოაჩინონ თავიანთი თავი, როცა ინდივიდუალრად ახერხებ ამას, შემდეგ უფრო ადვილია გუნდურად თამაშიც.
მეც მსურს მადლობა გადავუხადო საბერძნეთში სტადიონზე მოსულ ქართველ გულშემატკივრებს, რომლებმაც ძალიან კარგი გარემო შექმნეს როგორც თამაშის დროს, ასევე მის შემდეგ. ისინი მატჩის დასრულების მერე მოვიდნენ და ფეხბურთელებს გაესაუბრნენ, ავტოგრაფები ჩამოართვეს, რაც ამ ბიჭებისთვის დიდი მოტივაციაა”.
ნიკოლოზ დადიანი: “საქართველოს ჩემპიონატში სათამაშო პრაქტიკის ქონის მიუხედავად, რთულია ასეთ დონეზე თამაში. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთთან პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ ბოლო წუთების გარდა, მაინც დაგვეტყო ფიზიკური ენერგიის ნაკლებობა.
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის ასეთ ტურნირზე თამაში და მივიღო გამოცდილება. საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. ბევრი ფეხბურთელი ეროვნული ლიგიდან ვართ და გინდა არ გინდა, ტემპი მაინც განსხვავებულია, რასაც არ ვართ შეჩვეულები, რთულია შეგუება ამ ტემპთან.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ყველას გააზრებული აქვს, რომ ძლიერ მეტოქესთან გვაქვს საქმე, მათ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენთვის ეს უდიდესი მოტივაცია და საშუალებაა, რომ თუ რა შეგვიძლია. მათი ანალიზიც დავიწყეთ და ხვალ 100%-ით მზად ვიქნებით. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, რადგან საბერძნეთში საოცარი გარემო შექმნეს, რაც არ შეიძლება არ დააფასო. აქაც იგივეს ველით, რომ მოვა ქართველი ხალხი და მხარს დაგვჭირეს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ეტაპზე ძალიან გვჭირდება”.
4 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 5 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. პირველ პოზიციაზე საბერძნეთია 12 ქულით, მეორეზე გერმანია 9 ქულით, მესამეზე ჩრდილოეთ ირლანდია 5 ქულით, მეხუთეზე ლატვია 1 ქულით, ხოლო უქულო გიბრალტარი ბოლოა.





