თორნიკე შენგელიას ლიდერობით ბარსელონამ დრამატული მატჩი მოიგო მიუნხენში – კამარ ბოლდუინის ბაიერნთან. შეხვედრა ევროლიგის მე-10 ტურის გახლდათ, რომელიც ბარსელონას გამარჯვებით – 75:74 დასრულდა.
სანამ შენგელიას ამბავზე დავწერთ, აღვნიშნავთ, რომ ამ შეხვედრაში არ უთამაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ უკანახაზელ, კამარ ბოლდუინს, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო. მისი ტრავმის შესახებ დეტალები უცნობია. არადა, საქართველოს ნაკრებს 27 და 30 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები ელის და ბოლდუინის თამაშს კითხვის ნიშანი დაესვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბაიერნთან 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. თოკომ თამაშიდან 7-ჯერ შეუტია, საიდანაც 4 ზუსტი იყო, მის ანგარიშზე 2-იდან 2 ჩაგდებული საჯარიმოც გახლავთ. ქართველო ფორვარდზე უკეთესი სტატისტიკა ბარსელონაში მხოლოდ ტომაშ სატორანსკის ჰქონდა, რომელმაც 13 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და სარგებლიანობის 22 კოეფიციენტი დააგროვა. შენგელიას ეს მაჩვენებელი 16 ჰქონდა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას: ბარსამ თამაში ძალიან კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 11-ქულიანი სხვაობით მოიგო. მასპინძელთაგან ყველაზე აქტიური თავიდანვე NBA-ს ყოფილი მოთამაშე, სპენსერ დინვიდი იყო. მას მხარი მეორე ტაიმში ოსკარ და სილვამ აუბა. ბაიერნი თამაშში მესამე პერიოდში დაბრუნდა, როცა მეოთხედი 7-ქულიანი სხვაობით მოიგო. თამაშის ბოლო წუთები კი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, დრამატული ფინიში ვიხილეთ, დინვიდის თამაშის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ 1,6 წამით ადრე საჯარიმოები ზუსტად ვერ შეასრულა. მატჩის MVP თორნიკე შენგელია გახდა.
ბარსელონამ ახალი მთავარი მწვრთნელით ითამაშა. ოსკარ ორელანას დებიუტი წარმატებული გამოდგა. ორლეანა აქამდე გუნდიდან ზედიზედ 3 წაგების გამო გათავისუფლებული ხოან პენიაროიას ასისტენტი იყო.





