ესპანეთის ჩემპიონატში მცირე სენსაცია მოხდა, რომლის შემოქმედიც ბექა ბურჯანაძის გუნდია. ლიგის ლიდერმა ვალენსიამ, რომელსაც აქამდე ხუთიდან ყველა გამარჯვება ჰქონდა, სტუმრად ხუთივე წაგების მქონესა და ბოლო ადგილზე მყოფ გრანადასთან წააგო. ბოლო გუნდმა მოუგო პირველზე მყოფს და ამაში ქართველმა ფორვარდმაც მცირე წვლილი შეიტანა.
შეხვედრა გრანადას გამარჯვებით – 85:79 დასრულდა, ლომის წილი ლუკა ბოჟიჩის გახლავთ. ხორვატმა ლეგიონერმა 19 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ბექა ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ არასრულ 10 წუთში 4 ქულა დააგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე წარმატებით ესროლა სამქულიანებიც.
ამ მარცხის შემდეგ ვალენსია 5 მოგებითა და 1 წაგებით ცხრილის სათავეში 3 გუნდს – რეალს, მურსიასა და გიორგი შერმადინის ტენერიფეს შეუერთდა. გრანადა კი ლიდერთა სარკისებური შედეგით (1 მოგება, 5 მარცხი) ბურგოსთან ერთად ბოლო ადგილებს იყოფს.





