საქართველოს ნაკრებმა ესტონეთს დიდი ანგარიშით სძლია

0
3

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც ავთანდილ ასათიანი წვრთნის, ესტონეთს პირველი ამხანაგური შეხვედრა 5:0 მოუგო.
მატჩის დაწყებამდე მეკარე თორნიკე ბუკიას, რომელმაც ნაკრების მაისური მეასედ მოირგო და კაპიტნის სამკლავური ეკეთა, სამახსოვროდ 100-ნომრიანი მაისური გადასცეს და მთელმა გუნდმა ერთობლივი ფოტოც გადაიღო.
შეხვედრის მე-14 წუთზე შორი მანძილიდან „ცხრიანში“ დარტყმით ანგარიში გიორგი ღავთაძემ გახსნა. ამის შემდეგ, ღავთაძეს კიდევ მინიმუმ სამჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა. მის გარდა, მეტოქის კარის აღების რეალური შანსი შოთა თოფურიამ და არჩილ სებისკვერაძემ ვერ გამოიყენეს – ხან თავად ააცილეს ბურთი კარს, ხან კიდევ ესტონელთა მეკარემ საიმედოდ ითამაშა. ორჯერ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
35-ე წუთზე ესტონელმა მოთამაშემ თოფურია წააქცია და ვინაიდან მეექვსე წესის დარღვევა იყო პენალტი დაინიშნა. სებისკვერაძის პირველი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ ვინაიდან ეს წესის დარღვევით გააკეთა, მსაჯმა მეორე შანსი მისცა ქართველ მოთამაშეს, რომელმაც „პანენკა“ გაიტანა.
36-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ თავისი ნახევრიდან ცარიელ კარში ბურთი ზუსტად გადაგზავნა. 38-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს და ღავთაძის ქუსლით გაკეთებული გადაცემის მერე, საბა ტყეშელაშვილმა თავისი სადებიუტო გოლი შეაგდო. ბოლო წუთზე მეკარემ ჯანო გიორგაიას აუღო, თუმცა, ლევან სვანიძემ ზუსტად დაამატა. საქართველოს ნაკრები მეორე სპარინგს ესტონელებთან ხვალ ჩაატარებს, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება.
ფუტსალის ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
21 იანვარი | ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი | ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)|
28 იანვარი | საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)
ლაშა თაბაგარი