კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში თბილისის „იბერიამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.
შეხვედრის მე-9 წუთზე თბილისელთა ნიდერლანდელმა ლეგიონერმა დერეკ აგიაკვამ ტრავმა მიიღო და გურამ გოშთელიანმა შეცვალა. ტაიმის შუაწელში საჯარიმოში მარჯვნიდან შესული სანდრო ალთუნაშვილის დარტყმული ბურთი ნოდარ ყალჩავამ მოიგერია, რომელმაც დამატებაზე მყოფ ირაკლი ძაგანიასაც არ გაატანინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გიზო მამაგეიშვილმა გარე ტერფით მოჭრილი პასი მისცა წყალტუბოელთა საჯარიმოში გახსნილ გურამ გოშთელიანს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან თავით ვერ გაიტანა. 52-ე წუთზე „იბერიას“ კარგი კომბინაციის და მამაგეიშვილის გადაცემის მერე, ძაგანიამ სტუმართა საჯარიმოში ფიზიკურ ორთაბრძოლაში ცენტრალურ მცველ ომარ პატარკაციშვილს აჯობა, რის შემდეგ შემოტრიალებით ერთი შეხებით მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა.
ამ ეპიზოდიდან ათ წუთში „სამგურალის“ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ლუკა სილაგაძემ კარის წინ ძაგანია მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და ყალიჩავამ თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. მოგვიანებით, საჯარიმოში მყოფი მამაგეიშვილის სახიფათო დარტყმის შემდეგ, ბურთი ძელმა აისხლიტა. 78-ე წუთზე ალთუნაშვილი დაშავდა და მასპინძლების მწვრთნელმა გუგა ნერგაძემ მეორე იძულებითი შეცვლა განახორციელა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე კოტდივუარელმა არმელ ზოური სტუმართა საჯარიმოში ბურთი მცველ ფერნანდო ბულის აართვა, რის შემდეგ მეკარეს მოატყუა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„იბერია“ 68 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია, ხოლო ბრაზილიელი ტიაგო გომესის გაწვრთნილი „სამგურალი“ 39 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





