გრაცის „შტურმი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილია ევროპა ლიგის ფაზის მე-4 ტურში სახლში ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენელ „ნოტინგემ ფორესტს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
საქართველსო ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე მარცხნიდან საჯარიმოში შეჭრილი ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ კარში დაარტყა, ხოლო მეკარის მოგერიებულ ბურთს მორის მელოუნმა ზუსტად დაამატა. თუმცა, მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რადგან მასპინძლების ფორვარდზე თამაშგარე დააფიქსირა.
34-ე წუთზე „ნოტინგემის“ ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ემანუელ აივუს ბურთი ხელში მოხვდა, რის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა. მორგან გიბს-ვაითის დარტყმული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, მეკარე კრისტენსენმა ბურთი მოიგერია.
57-ე წუთზე „შტურმის“ მწვრთნელმა შეცვალა კიტეიშვილი, რომელმაც მოედანი ძალიან უკმაყოფილომ დატოვა. მას ამის საბაბი ჰქონდა, რადგან თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
შეხვედრის მიწურულს „ნოტინგემს“ გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით 25 მეტრიდან დომინგესის დარტყმის შემდეგ, ბურთი ზედა და გვერდითი ძელების კვეთას მოხვდა. „შტურმს“ 4 ქულა აქვს და ევროპა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთის „პანათინაიკოსთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





