საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტური თბილისში „მიხეილ მესხი 2“-ზე დასრულდა, სადაც საგარეჯოს „გარეჯმა“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 1:4 წააგო.
მატჩის მე-8 წუთზე მარცხენა ფლანგიდან „სამგურალის“ შეტევის დროს ტაჯიკმა ალიჟონ აინმა მეტოქის საჯარიმოში ბრაზილიელი ჟან კარლოსი მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1. 33-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ნიკოლოზ გალახვარიძემ სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც თამაზ ცეცხლაძემ მცველს აჯობა და თავით გაიტანა – 1:1.
86-ე წუთზე „გარეჯის“ ნახევარზე ბურთი გიორგი ფანცულიამ მიიღო, რომელმაც საჯარიმოში პასი გაუკეთა ჟან კარლოსს, რომელიც ერთ მცველს გაცდა და გაიტანა – 1:2. 90-ე წუთზე საგარეჯოელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ბრაზილიელმა ველისოლმა პასი თანამემამულე ჯეფერსონ ჯერალდოს გადააწოდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 1:3. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე „სამგურალის“ კაპიტანმა დემურ ჩიხლაძემ თითქმის 40 მეტრიდან შეუჩერებლად დაარტყა და ბურთი კარიდან წინ გამოსული ლაშა გურგენიძის ზურგსუკან ჩაეშვა – 1:5.
ბრაზილიელი ტიაგო გომესის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ ზედიზედ 5 თამაში მოიგო და 38 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა, ხოლო გიორგი მიქაძის თავკაცობით „გარეჯმა“ 30 ქულა დააგროვა და მერვეა.
ლაშა თაბაგარი





