„თელავმა“ „ტორპედოს“ თამაში შემოუტრიალა

0
5

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე სათამაშო დღის პირველი მატჩი თელავში შედგა, სადაც ადგილობრივმა „თელავმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთით აგებდა, ქულა მაინც აიღო.
მატჩის მე-4 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფი ბრაზილიელი ფელიპე პირესის გადაცემის შემდეგ, ალეკო ბასილაძე მაღალ სისწრაფეზე „თელავის“ ორ მცველს გაცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ამ სეზონში თავისი მე-6 გოლი გაიტანა – 0:1.
მე-13 წუთზე „ტორპედოს“ შეტევის დროს მასპინძლების ნახევარზე მყოფმა ნორვეგიელმა ბიორნ იონსენსმა საჯარიმოში ბრაზილიელი ვარლეი და სილვა მოძებნა, რომელმაც მცველის შეცდომით ისარგებლა და პასი გაუკეთა კარის წინ მდგომ ფელიპე პირესს, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გაიტანა – 0:2.
მე-16 წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ანდრია დევდარიანმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან ბურთი პირდაპირ კარში გაგზავნა და ეფექტური გოლი შეაგდო – 1:2. მე-80 წუთზე ალეკო ანანიძემ დაახლოებით 25 მეტრიდან „ცაციათი“ შეუჩერებლად დაარტყა და ბურთი „ცხრიანში“ გაახვია – 2:2.
81-ე წუთზე ვარლეი და სილვამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მეორედ გააფრთხილებს დევდარიანი, რომელიც თამაშს ასევე ნაადრევად გამოეთიშა.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 50 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო „თელავი“ 29 ქულით ბოლოსწინაა/
ლაშა თაბაგარი